Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the friendly match between SSC Napoli and Lille OSC at Stadio Diego Armando Maradona Naples Italy on 21...ხვალ „სან სიროზე” „ინტერი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. შეხვედრის წინ მილანელთა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ Radio Punto Nuovo-ს ინტერვიუ მისცა.

„ეს შეხვედრა „ინტერისთვის” გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე „ნაპოლისთვის”, — თქვა პრეზიდენტმა, — „ინტერისთვის” ჩემპიონატის განახლება შეიძლება აღმასვლის დასაწყისი გახდეს. „ნაპოლი” წნეხის ქვეშ არის, რადგან სეზონის წყვეტის შემდეგ ყველა მას უყურებს, ყველას აინტერესებს შეძლებს კი „აძური” ისეთივე საშინელი ძალით გააგრძელოს თამაში, როგორითაც დაიწყო. თავის მხრივ „ინტერიც” გრძნობს ზეწოლას, მისგან სკუდეტოსთვის ბრძოლას ითხოვენ. ოთხშაბათს დამარცხება ბრძოლას ჩამოგვაცილებს, ამაში ორი აზრი არ არის”.

შემდეგ მორატის „ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას ბრაზილიელ ფენომენ რონალდოსთან შედარება სთხოვეს. მოგეხსენებათ, რონალდო „ინტერში” ხუთი წელიწადი თამაშობდა.

„ისინი სხვადასხვა ხელწერის ფეხბურთელები არიან, მაგრამ ერთნაირი ეფექტი მოახდინეს. განსხვავება ის არის, რომ როდესაც რონალდო იტალიაში ჩამოვიდა, მას ყველა იცნობდა და ელოდა. რონალდოს გარკვეული გაგებით გზა უკვე გაკვალული ჰქონდა. მე ქართველს ბრაზილიელის მსგავს კარიერასა და გაბრწყინებას ვუსურვებ. ის თავისი თვისებებით „ნაპოლისთვის” გადამწყვეტი ფიგურა იქნება, — უპასუხა ბიზნესმენმა და დასძინა, — ვის მოვაშორებდი „აძურის” შემადგენლობიდან? კვარასა და ცენტრალურ თავდამსხმელ ოსიმენს. ამ ორ ფეხბურთელს ყველა თანაგუნდელზე მეტად შეუძლია „ინტერთან” შეხვედრის ბედის გადაწყვეტა”.

მორატიმ თქვა, რომ თუ შეხვედრა „ნაპოლის” გამარჯვებით დასრულდება, ის „პარტინოპეელების” მიმართ დიდი სიმპათიით განიმსჭვალება. ხოლო თუ „ნაპოლი” ჩემპიონი გახდება, ეს ფეხბურთის ნორმალიზაციის საქმეში დიდ როლს ითამაშებს.

„ვნებათაღელვა და გულშემატკივრობა მუდამ იგივე რჩება, მაგრამ ფეხბურთს ნორმალური კალაპოტი სჭირდება. ჩვენს სფეროს ჩვეულებრივი წეს-კანონების ფარგლებში დაბრუნებას ვუსურვებ”, — თქვა მილიარდერმა.