No description available.მიმდინარეობდა „კასტრისა“ და „რასინგ-92“-ის შეხვედრის 44-ე წუთი, როცა მასპინძელთა ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში დაინიშნა დერეფანი. პარიზელებმა ეშმაკურად მოაწოდეს: ბურთმა მხტომელთა ხელებს ზემოდან გადაუფრინა, ხოლო დერეფნის ბოლოში მას ჩასაფრებული გურამ გოგიჩაშვილი ელოდა. ქართველი ბურჯი მიზნისკენ მკვირცხლად დაიძრა, რამდენიმე კასტრელმა მისი შეყოვნება შეძლო, მაგრამ გურამს მისი პარტნიორი, აფრიკელი ვეტერანი ტრევორ ნიაკანე დროულად შემოეშველა, „გოგიჩამ“ კი ამ ბიძგის წყალბით დარჩენილი მეტრების დაფარვა შეძლო და რამდენიმეკაციანი დაცვაც წალეკა. ეს იყო 24 წლის გურამ გოგიჩაშვილის პირველი ლელო ტოპ 14-ში, არადა მას არაერთი ლელო როგორც საკლუბო ტურნირებში აქვს დადებული, ისევე ეროვნული ნაკრების შეხვედრებშიც. ცნობისთვის, „კასტრთან“ შეხვედრა ბორჯღალოსანი ბურჯისთვის რიგით 59-ე იყო საფრანგეთის უძლიერეს სარაგბო ლიგაში!

ცხადია, გურამი სასტარტოში იყო და 56-ე წუთამდეც ითამაშა, და როცა ის მინდვრიდან გადიოდა, დედაქალაქური კლუბი 26:16 იგებდა, დარჩენილ დროში კი „კასტრმა“ 10 უპასუხო ქულა მიითვალა და ფრესაც მიაღწია. ამაში წვლილი ლევან ჩილაჩავასაც ეკუთვნის, რომელმაც თამაშში დროის ეს ინტერვალი დაჰყო, ხოლო პარიზელთა შორის ბოლო 8 წუთი გია ხარაიშვილმა ითამაშა.

სატურნირო ცხრილს 49 ქულით სათავეში კვლავაც „ტულუზი“ უდგას, რომელმაც გასვლაზე დუდუ ქუბრიაშვილის „კლერმონი“ ბონუსით, 32:13 დაამარცხა. ქართველმა ვეტერანმა პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა.

მეორე ადგილზე „სტად ფრანსე“ გამაგრდა, რომელმაც ლიდერისგან 7-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა – შინ „პო“ უშანსოდ და ბონუსით დაამარცხა (37:3).  გიორგი მელიქიძემ პარიზელებს შორის საწყისი 56 წუთი ითამაშა, „პოს“ კაპიტანი ბექა გორგაძე 64-ეზე შეცვალეს, ხოლო გურამ პაპიძე 56-ეზე ჩაერთო თამაშში.

No description available.მესამე-მეოთხე ადგილებზე 37-37 ქულით უკვე ხსენებული „რასინგ-92“ და „ლა როშელი“ განლაგდნენ. ევროპის საკლუბო ჩემპიონმა ბონუსიანი გამარჯევბა (29:10) პერპინიანიდან წამოიღო.  კატალონიელთა შორის პირველი ტაიმი გიორგი თეთრაშვილმა ითამაშა.

საპლეიოფო ექვსეულს 35-35 ქულით „ბორდო“ და „ბაიონი“ ასრულებენ. პირველმა „მონპელიე“ 40:10 გაანადგურა და ამ მატჩში მეტად უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა – 59-ე წუთზე თამაშში საფრანგეთის ჩემპიონის 9 ნომერი გელა აფრასიძე ჩაერთო, რომელმაც პირველივე კონტაქტისას კოჭი ისე იტკინა, რომ ერთ წუთში მოედანი დატოვა. გამარჯვებუთა სასტარტოში კი კვლავაც იყო ლექსო ყაულაშვილი, რომელმაც 57-ე წუთამდე ითამაშა.

რაც შეეხება „ბაიონს“, ბასკებმა „ტულონს“ უმასპინძლეს და 23:18 იმარჯვეს კიდეც. მასპინძელთა შემადგენლობაში კოტე მიქაუტაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო ბექა გიგაშვილი სტუმართა სასტარტოში იყო და ერთი საათიც დაჰყო მინდორზე. „ტულონმა“ სანუგეშო ბონუსი მოინადირა.

დაბოლოს, იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპში „ლენსტერმა“ მორიგი გამარჯვება იზეიმა – ირლანდიურ დერბიში „კონახტი“ გაანადგურა – 41:12. ქართველმა ბურჯმა ვახტანგ აბდალაძემ გრანდის რიგებში ბოლო 18 წუთი ითამაშა.