„ნაპოლიმ” 2023 წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. ამ ვარჯიშის მთავარი მიზანი „ინტერთან” 4 იანვრის მატჩისთვის მომზადება იყო. ზოგადად კი „აძურისთვის” იანვარი რთული თვეა, რადგან გუნდს ძალიან ხშირად უწევს „ფრონტის წინა ხაზზე” ყოფნა.
ლუჩანო სპალეტისა და მის ფეხბურთელებს 4 იანვრიდან 29 იანვრამდე 6 მატჩი უწევთ. ამ 25 დღის განმავლობაში მათ ის რვაქულიანი უპირატესობა უნდა დაიცვან, რომელიც სეზონის პირველ, მათთვის ზღაპრულ მონაკვეთში მოიპოვეს. რთული იანვრის პირველი ორი შეხვედრა გასვლაა — „ინტერთან” და „სამპდორიასთან”, ცამეტში კი „ნაპოლი” შინ თამაშობს, მაგრამ მეტოქე არც მეტი და არც ნაკლები „იუვენტუსი” იქნება.
„ბებერ ქალბატონთა” დაპირისპირებას მოსდევს თამაში სალერნოში, იანვრის ბოლო შეხვედრა კი „პარტენოპეის” კვლავ შინ უწევს, ჟოზე მოურინიუს „რომასთან”, რომელიც „ილ მატინოს” აზრით ვიქტორ ოსიმენისა და მისი პარტნიორებისთვის სერიოზული გამოცდა იქნება.
და „სუფრის დასამშვენებლად” ამ ყველაფერს 18 იანვარს ემატება სათასო მატჩი ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზესთან”. საშუალოდ სპალეტის მოთამაშეებს ოთხ დღეში ერთი შეხვედრა გამოსდით, რაც იმით არის განპირობებული, რომ მსოფლიოს უადგილო ჩემპიონატის გამო თითქმის ორი თვე უქმობდნენ.
და ბარემ აქვე დავძენთ: ABC News-ის მონაცემთა ანალიზის სპეციალურმა პლატფორმამ რომელსაც ჰქვია 538 სერია A-ს წამყვანი კლუბების პერსპექტივა გამოიანგარიშა. სკუდეტოს მოპოვების ვის რამდენპროცენტიანი შანსი აქვს? გამოვიდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის შანსი არის დაახლოებით 68%. შემდეგ მოდის „ინტერი” — 13%; მერე „მილანი” — 12%; „იუვენტუსი” — 3%; „ლაციო” — 2% და „რომა” — 1%.