გიორგი მამარდაშვილი გამორჩეული ფიგურა იყო. მეკარემ კიდევ ერთხელ ითამაშა დიდებულად და თავისი გუნდი უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან  იხსნა. გაშვებული გოლები მისი ბრალი არ იყო, — წერს AS „ვილიარეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრის შემდგ, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

მამარდაშვილს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს ვალენსიას ავტონომიური ოლქის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გამოცემა „სუპერდეპორტეც”, თუმცა მას მიაჩნია, რომ მეორე გოლის დროს ქართველ მეკარეს უკეთაც შეეძლო თამაში: „მან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, რამდენიმე რთულi დარტყმა მოიგერია, მაგრამ ხუან ფოიტის გოლის დროს მეტი შეეძლო, როდესაც მუკტარ დიაკაბის დაეჯახა”.

ქვემოთ, ვიდეოში მატჩის ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდს ნახავთ, მათ შორის ფოიტის გოლსაც. საინტერესოა, რამ გამოიწვია თანაგუნდელების შეჯახება, რამაც გიორგის გამოსვლაში შეუშალა ხელი. მამარდაშვილმა არ გააფრთხილა დიაკაბი რომ გამოდიოდა თუ მცველი დაიბნა. იქნებ ყველაფერი უბრალო უიღბლობის ბრალი იყო. ყოველ შემთხვევაში, ერთი ფაქტია, რომ „ვალენსიას” ძალიან სუსტი დაცვა ჰყავს და შეხვედრის მსვლელობისას ამის ბევრი მაგალითი ვნახეთ.

მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ თქვა, რომ შეხვედრის სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა. მისი ნაუბრიდან სხვადასხვა ესპანურმა გამოცემამ სხვადასხვა დასკვნა გამოიტანა. „მარკამ” ინფორმაციას გატუზოს პრეს-კონფერენციის შესახებ დაარქვა: „ერთადერთი განსხვავება სტანდარტულები იყო”; AS-მა: „ჩვენ მათი მოკვლა შეგვეძლო და არ გავაკეთეთ. ეს იყო მთავარი”. „სუპერდეპორტემ”: „2023 წელს ჩემს ფეხბურთელებს ვთხოვ კურსს არ გადაუხვიონ. ახალგაზრდული ასაკით თავის გამართლება აღარ ივარგებს”. „ვალენსიას” ოფიციალურმა საიტმა: „მომეწონა მენტალიტეტი, მაგრამ თამაში არ მოვკალით. ეს უნდა გამოვასწოროთ”.

ანგარიში 21-ე წუთზე ედინსონ კავანიმ გახსნა, მაგრამ ნიგერიელმა სამუელ ჩუკუეზემ 45-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, 88-ე წუთზე კი ფოიტმა მასპინძელთა გამარჯვების გოლი გაიტანა.