პელეს გარდაცვალებამ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის თემას ახალი სიმძაფრე შესძინა. შესაძლოა სხვადასხვა ეპოქის გამორჩეულ ვარსკვლავთა შედარება სწორი არც არის, მაგრამ ფეხბურთს კამათი ახასიათებს და „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლასაც მოუხდა პასუხის გაცემა კითხვაზე: ვინ არის ისტორიაში უდიადესი?
„ვფიქრობ, ნეიმარმა დიდებულად თქვა: პელემდე ათიანი უბრალოდ ნომერი იყო, მის შემდეგ კი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ყველა დიდ ფეხბურთელს უნდა, რომ ზურგზე ათი ეწეროს. ის რაც პელემ ფეხბურთისთვის გააკეთა ფასდაუდებელია და სამარადისოდ დარჩება, — უპასუხა გვარდიოლამ, — როდესაც ის თამაშობდა მე დაბადებული არ ვიყავი. ის ძალიან ძლიერი იყო და უდიდესი კვალი დატოვა. ვფიქრობ, პელე ისევე როგორც კრუიფი, მარადონა, მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ბეკენბაუერი სამუდამოდ დარჩებიან ფეხბურთის ისტორიაში. პელეს მოედანზე ყველაფრის კეთება შეეძლო და ბრაზილიელებს სწამთ, რომ ის ყველა დროის საუკეთესოა. თავის მხრივ არგენტინელებს სწამთ, რომ ყველა დროის საუკეთესოები არიან მარადონა მესი და დი სტეფანო. პირადად ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ლეო მესია”.