მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სენს ებრძოდა, პელეს გარდაცვალებამ მსოფლიო შეძრა. ფეხბურთის მეფე 82 წლისა გამოეთხოვა წუთისოფელს. მის საპატივცემულოდ ბევრმა გამოჩენილმა ადამიანმა გამოაქვეყნა წუხილის სიტყვები, თუმცა განა მხოლოდ ადამიანმა? „ო რეის” სიკვდილს თვით ისეთი ძლიერი ორგანიზაცია გამოეხმაურა, როგორიც არის NASA. მან თავის ტვიტერზე ბრაზილიურად შეფერილი გალაქტიკის ფოტო გამოაქვეყნა.
„ეს გახლავთ მოქანდაკის თანავარსკვლავედის სპირალური გალაქტიკის გამოსახულება, რომელიც „მშვენიერი თამაშის” მეფედ ცნობილი მითიური პელეს გარდაცვალებას ეხმიანება”, — წერის NASA-ს ნეკროლოგში.
პელეს გარდაცვალებას გამოეხმაურა დიადთა შორის უდიადესი მაიკლ ჯორდანი, რომელსაც ბევრნი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად მიიჩნევენ. მან გამოსაქვეყნებლად შეარჩია „სპორტს ილუსტრეიტედის” მიერ 1999 წელს ნიუ იორკში გადაღებული ფოტო, სადაც აშშ-ს სპორტის ბევრი ლეგენდაა თავმოყრილი (პელე კარიერის ბოლოს ნიუ იორკის „კოსმოსში” თამაშობდა).
„დაუვიწყარი იყო ის დღე, ყველა დროის უდიადესთან ერთად… შენ მუჰამედ ალის გვერდით დგახარ და თვით სიდიადის არსს წარმოადგენ. იძინეთ მშვიდად ყველამ, ვინც ჩვენთან აღარ ხართ. ამ რთულ დროს მინდა პელეს ოჯახსა და მეგობრებს ჩემი თანაგრძნობა გამოვუცხადო”, — დაწერა ჯორდანმა.
ინსტაგრამში პელეს სიკვდილს გამოეხმაურა ჰოლივუდის ვარსკვლავი სილვესტერ სტალონეც, რომელიც პელესთან ერთად 1981 წელს გადაღებულ ფილმში თამაშობდა — ფილმს ერქვა „გაქცევა გამარჯვებისკენ”. „დიადი და კარგი ადამიანი, — წერს სტალონე, — იძინე მშვიდად”. მსახიობი ამ სიტყვებს მისი და პელეს ერთად გადაღებულ ფოტოსაც ურთავს.
„ის იყო ბატონი ფეხბურთი, ფეხბურთის ისტორია, ყველაფერი ფეხბურთში. 1970 წელს მე 15 წლისა ვიყავი და თვალწინ მისი სახე მედგა. ასე ვიზრდებოდი. მამა სულ პელეზე მელაპარაკებოდა და სკოლაში ხელს ასე ვაწერდი: პელეატინი. მართალია მისი თამაში ნანახი არ გვქონდა, მაგრამ მასზე ვლაპარაკობდით, რადგან ის ადამიანი აღარ იყო, ის ფეხბურთელი აღარ იყო, ის უკვე ფეხბურთის ღმერთი იყო. დღეს ძალიან დამწუხრებული ვარ. ეს ხომ ჩემი ცხოვრება იყო, ჩემი ბავშვობის ოცნებები. ჩვენ პელეზე ვლაპარაკობთ. მე მისი გოლები ვნახე და 1970 წლის ჩემპიონატი არასდროს დამავიწყდება”, — ეს სიტყვები კი ლეგენდარულ მიშელ პლატინის ეკუთვნის.
იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი ჯიჯი რივა: „გარდაიცვალა დიდი ადამიანი და დიდი ფეხბურთელი. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით და დიდ პატივს ვცემდით. ის და მარადონა ყველასგან შორს დგანან. სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან ერთად. ვინ იცის რამდენ დიდებულ პასს მომაწოდებდა საჯარიმო მოედანში”.
სინამდვილეში რივა და პელე კარიერის მანძილზე მხოლოდ მეტოქეები იყვნენ. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ისინი „სანტოსისა” და „კალიარის” ამხანაგურ შეხვედრაშიც შეხვდნენ ერთმანეთს.
„იმ დღეს, თამაშის შემდეგ ჩვენ ერთად გავატარეთ დრო. მან თავისი გუნდის ბაზაზეც კი დამპატიჟა. საოცარი ფეხბურთელი და გამორჩეული პიროვნება იყო”.
და ბოლოს არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის სამძიმარი, რომელმაც მსოფლიოს სოციალურ ქსელებში კამათი გამოიწვია.
„არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია მისი პრეზიდენტის კლაუდიო ტაპიას სახით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის პელეს გარდაცვალების გამო, გულში იკრავს მის ოჯახს და მთელს ბრაზილიას”.
ძნელი მისახვედრი არ არის, რა არის ამ ტექსტში წინააღმდეგობრივი. ეს გახლავთ ფრაზა „ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი”. სავარაუდოდ, არგენტინელებს სამძიმრის წერილში მაინც შეეძლოთ საერთოდ აევლოთ გვერდი კამათისთვის, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.