გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთვის” იანვარი რთული თვე რომ იქნება, ეს ფაქტია. „ღამურები” სამ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. 31 დეკემბრის შეხვედრაზე სტუმრად „ვილიარეალთან” აქ არაფერს ვიტყვით, რადგან ფორმალურად ის 2022 წლის კალენდარშია. ნაახალწლევს გუნდს ჯერ „ლა ნუსიათან” უწევს სამეფო თასზე თამაში, შემდეგ, 6 იანვარს „მესტალიაზე” „კადისი” ჩადის სტუმრად, 22-ში ისევ „მესტალიაზე” „ალმერიასთან” არის შეხვედრა, 29-ში კი სტუმრად „ვალიადოლიდთან”, რასაც 2 თებერვალს „სანტიაბო ბერნაბეუზე” „რეალთან” დაპირისპირება მოსდევს, მაგრამ ფორმალურად არც ეს მატჩი ჯდება იანვრის კალენდარში. არადა, წესით ეს თამაში 14 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიტანეს. მიზეზი ზემოთ ხსენებული მესამე შეჯიბრებაა — 11 იანვარს საუდის არაბეთში იგივე გუნდები, „ვალენსია” და „რეალი” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ითამაშებენ. მეორე ნახევარფინალში „ბეტისი” „ბარსელონას” ხვდება. გამარჯვებულები ფინალში გადაიკვეთებიან. ანუ, რაკი „ვალენსია” და „რეალი” ესპანეთის სუპერთასზე ხვდებიან ერთმანეთს, ისინი იმავდროულად ლა ლიგაშიც ვერ ითამაშებენ.
აქამდე ყველაფერი გასაგებია, აქ კი დაბნეულობა ფიფას შემოაქვს: 1-11 თებერვალს ჯანი ინფანტინო და ძმანი მისნი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მოწყობას აპირებენ სადაც „რეალი” როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული აუცილებლად ითამაშებს. შესაბამისად, მადრიდელების და „ჩეების” ლა ლიგის გადადებულ მატჩს კვლავ გადადება ემუქრება და ზემოთ ნახსენები 2 თებერვალი პირობითი თარიღი გამოდის. თან, ფიფა ითხოვს, რომ მონაწილეები შეჯიბრების ადგილას სამი დღით ადრე ჩავიდნენ.
მერე ვითარება კიდევ უფრო რთულდება. თუ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში „რეალი” პირველ ეტაპს გადალახავს, მას ესპანეთის ჩემპიონატში „ელჩესთან” თამაშის გადადებაც მოუწევს. კეთილი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წინ ამ მატჩის ჩასმა შეძლება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სად უნდა წაიღონ ესპანელებმა თავიანთი სამეფო თასის ნახევარფინალი?
საკლუბო ფეხბურთის მსოფლიო კალენდრის გათვალისწინებით მისი ჩასმა მხოლოდ 1-2 თებერვალს შეიძლება. გამოდის, რომ „რეალის” და „ვალენსიას” გადადებულ შეხვედრას 5 აპრილამდე აღარაფერი ეშველება.
plazadeportiva წერს, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ასეთი აგრესიული ჩასმა წლის უკვე შედგენილ კალენდარში, თან ისე, რომ მის შესახებ სეზონის დაწყების წინ არც კი ლაპარაკობდნენ, „ვალენსიას” იმსხვერპლებს. არადა, „ჩეებს” არაფერი დაუშავებიათ, ისინი უბრალოდ ელიტური ფეხბურთის ბატონობას ვეღარ უძლებენ, თავად კი უკვე დიდი ხანია ელიტას აღარ განეკუთვნებიან.