ინგლისში გამოაქვეყნეს პრემიერლიგის ალტერნატიული ცხრილი, რომელიც „მოსალოდნელ გოლებზე” დაყრდნობით შეადგინეს — ხვალ პრემიერლიგა საქმეში ბრუნდება.

პრემიერლიგას მსოფლიოში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ის, სხვა ქვეყნების პირველობების მსგავსად მუნდიალის გამო შეჩერებული იყო, მაგრამ ამიერიდან მონატრებულ გულშემატკივარს უბრუნდება.

საინტერესოა, როგორი იქნებოდა პრემიერლიგის ცხრილი გოლებში იღბალი რომ არ ჩარეულიყო? უნდა ითქვას, რომ ასეთი ცხრილი პირველი არ დგება. მას XG ცხრილს უწოდებენ და ცხადია გარკვეულ პრინციპებზე დაყრდნობით ადგენენ.

როგორც გაირკვა, ყისმათი რომ არა დიდ კლუბთაგან ყველაზე ცუდად საქმე „ჩელსის” ექნებოდა — ის რეალურად მე-8 ადგილზეა, არადა მე-15-ზე უნდა ყოფილიყო. XG ცხრილში დასავლეთ ლონდონელებს 6 ქულით ნაკლები აქვთ.

შეიცვლებოდა გატანილ-გაშვებულთა ბალანსიც. „ლურჯები” ნაკლებს გაიტანდნენ და მეტს გაუშვებდნენ — სინამდვილეში მათი ბალანსი არის 0. „ჩელსიმ” გაიტანა 17 და ამდენივე გაუშვა.

XG ცხრილი არც „არსენალის” გულშემატკივარს მოეწონება. „მეთოფეებს” „ჩელსისავით” ცუდად არ აქვთ საქმე, მაგრამ რეალური ცხრილისგან განსხვავებით პირველ ადგილზე მაინც ვერ არიან — გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო „მანჩესტერ სიტი” უსწრებთ. ანუ, ალტერნატიულ ცხრილში მათ 4 ქულით ნაკლები დააგროვეს, „სიტიმ” კი 1 ქულით შეიძინა.

სახარბიელოდ არც „მანჩესტერ იუნაიტედს” აქვს საქმე. XG ცხრილი რომ რეალური იყოს, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ხუთი ადგილით უკან, მეათეზე იქნებოდა.

აი, „ბორნმუთი” კი გადარჩენილია — მე-14 ადგილის ნაცვლად ბოლოზე იქნებოდა.