„ნაპოლიმ” გადაწყვიტა 4 იანვრამდე, როდესაც სერა A-ს შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდება, კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა მოასწროს. მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი „ვილიარეალსა” (2:3) და „ლილთან” (1:4) ნაჩვენები ფეხბურთით კმაყოფილი არ დარჩა, ამიტომაც გაჩნდა „ინტერთან” „სან სიროზე” სტუმრობამდე დამატებითი სპარინგის იდეა.
ამჯერად სპალეტი მეტოქის მოსაძებნად შორს არ წასულა და რომც წასულიყო, უცებ ვერავის იპოვიდა. ამიტომაც გადაწყდა, რომ „აძური” თავისავე პრიმავერას ანუ ახალგაზრდულ გუნდს შეხვდება, რომელსაც ნიკოლო ფრუსტალუპი უდგას სათავეში. ეს ის გუნდია, რომლის წიაღშიც აღიზარდნენ ფაბიო კანავარო, ლორენცო ინსინიე, ჩირო ფერარა და სხვა ვარსკვლავები.
თამაში 27-30 დეკემბრის პერიოდში ერთ-ერთ დღეს, სავარაუდოდ კლუბის სპორტულ ცენტრში გაიმართება.
ამ მატჩში სპალეტის მიეცემა შესაძლებლობა საქმეში გამოსცადოს გამოჯანმრთელებული კოსოვოელი ცენტრალური მცველი ამირ რაჰმანი.