Barcelona: vandalizan un mural de Leo Messi con la copa del mundoბარსელონაში ლეო მესის „ფრესკა” დააზიანეს. უეჭველია, რომ ეს არგენტინელის ზიზღთან ან რაღაც პროტესტთან არის დაკავშირებული. უცხოურ პრესაში ვარაუდობენ, რომ კატალონიის დედაქალაქში მავანს არ მოეწონა ცნობები მესისა და „პარი სენ ჟერმენის” თანამშრომლობის გახანგრძლივების შესახებ. სხვა მხრივ რატომ უნდა დაეზიანებინათ ასე უმოწყალოდ იმ კაცის გამოსახულება, რომელმაც მათი ქალაქის საამაყო კლუბს წლების მანძილზე დიდი წარმატებები მოუტანა — ესპანეთის ჩემპიონის ტიტულები და თასები რომ არ ჩამოვთვალოთ, ოთხჯერ მარტო ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

გამოსახულება ცნობილ კედლის მხატვარს Tvboy-ს ეკუთვნის. ის ბარსელონას ყველაზე ფართო, მთავარ გამზირზე, დიაგონალზე იყო შესრულებული. მასზე მსოფლიოს შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიო თასით ხელში, წმინდანად იყო გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას” 2021 წელს დაემშვიდობა და  პარიზში გადავიდა. მისი წასვლა რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი გახლდათ. მას მერე სულ არის ლაპარაკი, რომ ერთ მშვენიერ დღეს არგენტინელი საყვარელ „ბლაუგრანას” დაუბრუნდება, მაგრამ ბოლო ცნობები საპირისპირო შინაარსისა გამოდგა — მესის თურმე სხვა გეგმები აქვს და „პარკ დე პრენსზე” აპირებს დარჩენას. შესაძლოა მავანი სწორედ ამან გააბრაზა.

არის სხვა ვერსიებიც: მესის გამოსახულება ქალაქის მეორე კლუბის, „ეპანიოლის” გულშემატკივარს შეეძლო დაეზიანებინა; ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ კატალონიის დედაქალაქში მადრიდიდან ჩასულ „რეალის” ქომაგს შეეძლო ეხულიგნა და ბოლოს, ვინმე გაწბილებული ფრანგის ვარიანტიც არ არის გამორიცხული.