Lionel Messi of Argentina scores the team's third goal past Hugo Lloris of France as Jules Kounde attempts to clear during the FIFA World Cup Qatar...შეიძლება ბურთი 21 000 დოლარი ღირდეს? რასაკვირველია შეიძლება თუკი ეს ბურთი ლეო მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების კარში შეაგდო. ლაპარაკია გოლზე, რომელიც არგენტინამ დამატებით დროში გაიტანა.

ხსენებული ბურთი ახლა არგენტინელ ძმებს ხუანსა და იგნასიოს ეკუთვნის. ისინი დოჰაში ფინალს ესწრებოდნენ და გაუმართლათ.

„ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, — უთხრეს მათ „ტელეფეს”, — ეს ხომ ბოლო 30 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთია. გაგვიმართლა, როდესაც არგენტინის ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ის ტრიბუნაზე ამოაგდო და ჩვენს სიახლოვეს დაეცა”.

ფეხბურთელი, რომელმაც ბურთს ფეხი დაარტყა და ტრიბუნაზე ააგდო პაოლო დიბალა იყო, მაგრამ ძმებზე ადრე ის ფრანგმა გულშემატკივარმა აიღო, რადგან მასთან უფრო ახლოს დავარდა.

„დიახ, თავიდან ბურთი ჩვენ არ აგვიღია, — გაიხსენა ერთ-ერთმა ძმამ, — ის ფრანგმა დაიჭირა. მე მას ვუთხარი, რომ პოლიციისთვის უნდა დაგვებრუნებინა. ფრანგმა ის მომაწოდა, მე კი გავიფიქრე, რომ არაფრის დიდებით აღარ დავთმობდი. ერთი პოლიციელიც მოვიდა და ბურთი მომთხოვა, მაგრამ გამორიცხული იყო, ვერ შეველეოდი. მერე ზედამხედველი გამოჩნდა და მითხრა: კარგი, შენი იყოს”.

დღეს ეს ბურთი ფასდაუდებელია. ხუანს და იგნასიოს მასში რამდენიმე შეიხი ყატარშივე სთავაზობდა 21 ათას დოლარს, მაგრამ ძმებმა არ დათმეს. ერთადერთი კაცი, ვისაც ისინი ბურთს მიჰყიდიან ლეო მესია:

„თუ ის გვთხოვს, ფეხით ჩავუტანთ როსაროში”, — თქვეს ძმებმა.