JudoInside - Ilia Sulamanidze Judokaიერუსალიმის მასტერსის დასკვნითი დღე წარმატებული გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის. ოქრო და ბრინჯაო – ასეთია ჩვენი მონაგარი.

ისრაელში გაშლილი ტატამის ბოლო დღის ერთ-ერთი გმირი ილია სულამანიძეა (100 კგ.), ვინც ფინალში ნიდერლანდელი სემიონ კატერინა აშკარად დაჩაგრა, მუდმივად უტევდა, რასაც ნიდერლანდელი ვერაფრით პასუხობდა და მსაჯებმა სამი გაფრთხილებით მოხსნეს.

ფინალამდე სულამანიძემ უნგრელი შომბორ ვეგი, აზერბაიჯანელი ელდარ გასიმოვი, ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალჩიკი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოჭიდავე ჯაფარ კოსტოევი მიყოლებით დაამარცხა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კი, ორი ბრინჯაოს შანსიდან ერთი გამოვიყენეთ – ლუკა მაისურაძემ მესამე ადგილისთვის უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა და კვარცხლბეკზე შედგა. მანამდე მაისურაძემ თურქი მიჰაელ ზგანკი, სერბი ნემანია მაიდოვი და ებრაელი გიუ გურევიჩი გაიარა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგ ალექსის მეთიუსთან დამარცხდა.

მესამე ადგილისთვის ბექა ღვინიაშვილმა ბრაზილიელ რაფაელ მაჩადოსთან წააგო და პრიზიორთა მიღმა დარჩა. ღვინიაშვილმა მანამდე ბერძენი თეოდოროს ცელიდისი და ნიდერლანდელი იესპერ სმინკი გაიარა, მეოთხედფინალში მეთიუსთან დამარცხდა და რეპეჟაშში გადაინაცვლა, სადაც გურევიჩს მოუგო. ამავე წონაში უნდა ეჭიდავა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურსაც, მაგრამ ტურნირიდან დაწყების წინ მოეხსნა.

ქალთა მძიმე წონაში სოფიო სომხიშვილს გერმანელი რენე ლუხტი არ გამოუცხადდა, პორტუგალიელ რაშელ ნუნიეს ვაზარით მოუგო, მაგრამ ფრანგ რომანე დისკოსთან დამარცხდა და რეპეჟაშში გადაინაცვლა, სადაც ასევე ფრანგ ლეა ფონტაინთან წააგო.