ჯენარო გატუზომ ამხანაგური თამაშები მეტად ორიგინალურად დაგეგმა. როგორც AS წერს, ვინაიდან თანამედროვე ფეხბურთში დატვირთვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, „ვალენსიას” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ისე მოაწყოს, რომ მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს ყველა ფეხბურთელს მოუწიოს თამაშმა — მოგეხსენებათ, „ღამურები” ლა ლიგის პირველობას 31 დეკემბერს „ვილიარეალთან” შეხვედრით განაახლებენ.
ორშაბათიდან „ვალენსია” უკვე ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით განაგრძობს ცხოვრებას, დღეს კი გუნდი ჰოლანდიურ „ალკმაარს” შეხვდება, ოღონდ… მატჩი მხოლოდ 70 წუთს გასტანს და მასში 11 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. ამ შეხვედრის დასრულების მერე კი იქვე, მეორე მინდორზე დაიწყება სხვა, 45 წუთიანი შეხვედრა „ვალენსია მესტალიას” წინააღმდეგ. მასში მონაწილეობას მიიღებენ ის ფეხბურთელები, რომლებიც „ალკმაართან” არ ითამაშებენ.
ეს 70 წუთიანი თამაში ეტყობა ჰოლანდიურ გუნდსაც აწყობს, თორემ არ დათანხმდებოდა.
იმედია ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ალკმაარის” წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.