„ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, — წერს პორტალი calcionapoli1926, — „ნაპოლი” აცხადებს, რომ კლუბის სპორტულ დირექტორს კრისტიანო ჯიუნტოლის რუსული „სპორტ ექსპრესისთვის” ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნიუკასლ იუნაიტედის” შესახებ არაფერი უთქვამს. „აძურის” ოფისმა ოფიციალური პრეს-რელისი ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა.

კერძოდ, პრეს-რელისში წერია: „ნაპოლი” აცხადებს, რომ მის სპორტულ დირექტორს კრისტიანო ჯიუნტოლის რუსულ „სპორტ ექსპრესთან” არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია”.

საუბარია ჯიუნტოლის სიტყვებზე: „ნიუკასლის” ინტერესი? ოდნავი შანსიც არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ ხვიჩას გავყიდით. მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხას შემოგვთავაზებენ”.

ყველაფერი კი ინგლისური „თაიმსის” 16 დეკემბერის ცნობას მოჰყვა, სადაც ეწერა, თითქოს „ნიუკასლმა” ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა სატრანსფერო პრიორიტეტად დასახა.

საინტერესოა ტვიტერში „ნაპოლის” განცხადების იტალიელი გულშემატკივრის მიწერილი კომენტარებიც. ბევრ მათგანს უბრალოდ არ სჯერა, რომ რუსულმა გამოცემამ ნეაპოლელი დირექტორის სიტყვები ჰაერიდან მოიტანა. ზოგმა დაწერა — ჩათვლეთ, რომ კვარაცხელია უკვე გაყიდულიაო; ზოგმა თქვა, რომ „ნაპოლის” განცხადებაში მთავარი სიტყვა არის „ოფიციალური”.