მსოფლიოს ჩემპიონატის გიჟურ ფინალს სხვა სიგიჟეებიც მოჰყვა. აი, ერთ-ერთი მათგანი: არგენტინის მოზეიმე ნაკრების შემყურე ხალხმა ძველი ფოტოები გადაქექა და აღმოაჩინა, რომ ლეგენდარული დიეგო მარადონა გენიალური ფეხბურთელის გარდა წინასწარმეტყველიც ყოფილა. ჩვენ ეს იტალიური პრესიდან შევიტყვეთ.
კერძოდ, 2022 წლამდე არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი 36 წლის წინ, 1986-ში გახდა. გამარჯვებულ გუნდს დაჯილდოების ცერემონიალზე მაშინაც უამრავი ფოტო გადაუღეს, რომელთა შორის დაუვიწყარია მავანის კისერზე შემომჯდარი მარადონას სურათი ხელში მსოფლიო თასით. სხვათა შორის ზუსტად ასეთსავე პოზაში დააფიქსირეს გუშინდელი ტრიუმფატორი ლეო მესიც, რომელიც ყოფილი თანაგუნდელის სერხიო აგუეროს მხრებზე იყო ამხედრებული, მაგრამ დავუბრუნდეთ მარადონას. „შემომჯდარი” სურათების სერიიდან ერთ-ერთში დიეგოს ცალ ხელში თასი უჭირავს, მეორე კი გაშვერილი აქვს და… თითქოსდა მეხიკოს „აცტეკას” სტადიონის ტრიბუნაზე დაკიდებული ყატარის დროშისკენ მიუთითებს. დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია.
მეორე კი უფრო კირკიტის სფეროდან არის ვიდრე სიგიჟის. როგორც ირკვევა გულშემატკივართა ნაწილმა ლეო მესის მეორე გოლის დროს შეამჩნია ის, რაც უმეტესობას უყურადღებოდ დარჩა. გახსოვთ, როგორ გავიდა არგენტინის გოლი დამატებით დროში? ჯერ უგო ლორისმა მოიგერია ლაუტარო მარტინესის დარტყმული, შემდეგ კი მესიმ ბურთი კარში შეაგდო. თავიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ეპიზოდში თამაშგარე იყო და თანამსაჯმა ალამიც კი აღმართა, მაგრამ ჩანაწერის გადამოწმებამ აჩვენა, რომ ლაუტარომ პირველი დარტყმა წესების სრული დაცვით შეასრულა. და მაინც, გამოჩნდა ხალხი, რომელიც ამტკიცებს, რომ მესის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან… დარტყმის მომენტში ორი არგენტინელი სათადარიგო ფეხბურთელი მოედანზე შევარდა — უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მათ ზეიმი ისე ეჩქარებოდათ, რომ ბურთის კარში შევარდნას არ დაელოდნენ და მოედნის კიდის ხაზი მანამდე გადაკვეთეს. ფორმალურად, იმ მომენტში, როდესაც მესიმ ბურთი დაარტყა, არგენტინა მოედანზე ცამეტი კაცით იყო.
ვინმემ შეიძლება თქვას, რომ იმ ეპოქაში, როდესაც VAR თამაშგარე მგომარეობას მილიმეტრებით აფასებს და თუ კაცს ცხვირი ან ყური გრძელი აქვს ოფსაიდს ნიშნავს, ორი არგენტინელის მოედანზე ნაადრევი შევარდნაც დარღვევაა, მაგრამ ჩვენ მარადონას წინასწარმეტყველებისა არ იყოს არც ამ საკითხის განსჯას შევუდგებით, მითუფრო, რომ ოფსაიდების დროს VAR-ის მიერ „ცხვირების ზომვის” პრაქტიკაც არ მიგვაჩნია სწორად და არც არგენტინის დამსახურებულ გამარჯვებას გვინდა კირკიტით შეურაცხყოფა მივაყენოთ. უბრალოდ, ინგლისურ პრესაში მოძიებული ეს ამბავი სასეიროდ გვეჩვენა.