Lionel Messi of Argentina runs with the ball during the FIFA World Cup Qatar 2022 Final match between Argentina and France at Lusail Stadium on...მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლეო მესი ეიფორიაში იყო, — წერს ესპანური „მარკა”. მან არგენტინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა, ვიცოდი უფალი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოცემას რომ მიპირებდაო.

Lionel Messi best player hold his trophy after the FIFA World Cup Qatar 2022 Final match between Argentina and France at Lusail Stadium on December...„შთამბეჭდავია, ყველაფერი ასე რომ დასრულდა, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონმა, — ვიცოდი, რომ ღმერთი ადრე თუ გვიან ჩემთვის ამის მოცემას აპირებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ წინასწარ ვგრძნობდი, რომ ყველაფერი სწორედ ასე დასრულდებოდა. მსოფლიოს ჩემპიონობამ უზომო სიხარული მომანიჭა”.

მესიმ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ფინალურ მატჩს „ძალიან უცნაური” უწოდა. მიზეზი გასაგებია: არგენტინა ფრანგებს მისი და ანხელ დი მარიას წყალობით 2:0-ს უგებდა, მაგრამ კილიან მბაპემ ორი საპასუხო გოლით ანგარიში გაათანაბრა, რის გამოც შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. დამატებითში არგენტინა მესიმ კიდევ ერთხელ დააწინაურა, მაგრამ მბაპემ ამჯერადაც გაქვითა. გამარჯვებულის ვინაობა პენალტებში გამოვლინდა. არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

„მსოფლიო თასმა თავი დაიფასა, სანუკვარ ოცნებად იქცა, მაგრამ საბოლოოდ მაინც აქ მოვიდა, — თქვა მესიმ, — ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ძნელი გზით ვიარეთ, მაგრამ საწადელს მივაღწიეთ. ერთი სული მაქვს როდის ჩავალთ არგენტინაში. მინდა ვნახოთ სიგიჟე, რომელიც იქ დაგვხვდება”.

მესი აცნობიერებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონობა უდიდესი რამ არის, რაც სპორტსმენის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს.

„ამაზე მაღლა აღარაფერია. მეტი რა შეიძლება მოხდეს კოპა ამერიკისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულების მოგების შემდეგ? თან მსოფლიოს ჩემპიონობა თითქმის კარიერის ბოლოს მოვიპოვე. მეორე მხრივ კი მე მიყვარს ფეხბურთი, რასაც ვაკეთებ დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ნაკრების წარმატება მახარებს — ვის არ უნდა ამ თასის მოგება. მსოფლიოს ჩემპიონობა ყველას ოცნებაა. მე გამიმართლა, კარიერაში ყველაფერი მოვიგე და ახლა ამ სიხარულის ხალხისთვის გაზიარებას ვაპირებ”.

რაც შეხება სანაკრებო ფეხბურთისთვის თავის დანებებას, მესიმ თქვა, რომ არ იჩქარებს: „ნაკრებიდან წასვლას არ ვაპირებ. მსურს არგენტინის სახელით თამაშის სიამოვნება გავიხანგრძლივო და ამით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს პატივი ვცე. ჩვენ ამას დიდხანს ველოდით. ეს სიგიჟეა”.