ჯიანის ადეტოკუმბოს არყოფნაში სანდრო მამუკელაშვილი ბლომად დრო მიიღო და კარგადაც გამოიყენა. ბერძენი ლიდერის გარეშე კი, მილუოკელებმა 123:97 იუტა ჯაზს მოუგეს. მამუკელაშვილი სათადარიგო კი იყო, მაგრამ პარკეტზე 23.28 წუთი გამოჩნდა, რა დროშიც 3 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. ქულების მონაგარი ბევრი არ ყოფილა და სანდროს ამაზე დიდადაც არ უზრუნია, რადგან კალათს სულ ორჯერ შეუტია: ერთი სამიანი ზუსტად ისროლა, ერთი ორქულიანი კი ააცილა. სამაგიეროდ, 8 მოხსნიდან 4 მეტოქის ფარზე იყო, ხოლო 6 პასი მძიმე ფორვარდისთვის მაგარი მაჩვენებელია. ჩვენებურის მოედანზე ყოფნის დროს მილუოკიმ მეტოქეზე 26 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. მილუოკელებს 21 მოგება და 8 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაშია მეორე ადგილზე არიან, მომდევნო მატჩი კი, ნიუ ორლეანთან 20 დეკემბერს აქვს.