ესპანურ პრესაში წერენ, რომ „სევილიას” მაროკოელ მეკარეს იასინ ბონოს ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანის სახელი აქვს, მაგრამ ბოლო დღეებში ის სიცრუის მსხვერპლი გახდა.
31 წლის მეკარემ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, კანადასთან და ისიც ავტოგოლი იყო. მერვედფინალში, ესპანეთის ნაკრებთან მან პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია, რითაც გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა. მეოთხედფინალში ბონომ პორტუგალიასთან შეინახა კარი მშრალად. ნახევარფინალში კი ფრანგებმა მაროკოს ორი გაუტანეს.
საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ მაროკოელი მეკარის შესახებ არგენტინელმა ჟურნალისტმა ხუან მანუელ დ’ანხელომ დაწერა:
„მიუხედავად იმისა, რომ ესპანურადაც მშვენივრად ლაპარაკობს, ფრანგულადაც და ინგლისურადაც, ბონომ პრეს კონფერენციაზე კითხვებს არაბულად გასცა პასუხები. როდესაც ის ამის გამო დარბაზში გააკრიტიკეს, მან მოკლედ მოჭრა, რომ მისი ბრალი არ არის ჟურნალისტებმა არაბული რომ არ იციან და თუ პასუხები აინტერესებთ, შემდეგ ჯერზე თარჯიმანი მოიყვანონ”.
ესპანური გაზეთი AS დ’ანხელოს ბრალდებით დაინტერესდა და გამოიკვლია, რომ ეს სიტყვები ბონოს მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთქვამს. მან ის ათი თვით ადრე, აფრიკის თასზე, ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე თქვა, თან მოწმეთა მტკიცებით მეკარის ტონი სულაც არ იყო აგრესიული და გამომწვევი.
რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, იქ ბონო კითხვებს ოთხივე ენაზე პასუხობს.