არგენტინამ ხორვატიას 3:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. არგენტინელებმა ანგარიში პენალტით გახსნეს. იტალიელმა მსაჯმა დანიელე ორსატომ ზაგრების „დინამოს” მეკარის დომინიკ ლივაკოვიჩისა და „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელის ხულიან ალვარესის შეჯახება წესის დარღვევად შეაფასა, ლეო მესიმ კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა. მიმდინარე მუნდიალზე ეს გახლდათ მეოთხე პენალტი, რომელიც „ალბისელესეტეს” სასარგებლოდ დაინიშნა. მესიმ მათგან სამი გაიტანა.
ინგლისელმა მიმომხილველებმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელებმა გარი ნევილმა, როი კინმა და იან რაიტმა ხორვატთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანის ეპიზოდი სტუდიაში შეაფასეს. მომენტი ასეთი იყო: არგენტინელი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ შედიოდა. გოლკიპერი მის შესახვედრად გამოვარდა. ალვარესმა ბურთი ლივაკოვიჩს გადაუგდო. ლივაკოვიჩი მას (ბურთს) ვერ შეეხო და სცადა თავდამსხმელს მაინც გარიდებოდა. იმის გამო, რომ ფეხბურთელები ახლოს იყვნენ, შეჯახება მაინც მოხდა. ალვარესი წაიქცა.
ორსატომ პენალტი დანიშნა. აღშფოთებული ხორვატი ფეხბურთელები მსაჯს შემოეჯარნენ. მათი მწვრთნელის ასისტენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მარიო მანჯუკიჩი ემოციური კამათის გამო მოედნიდან გააძევეს.
გარი ნევილი: „პენალტი არ იყო. წესი საერთოდ არ დარღვეულა. მეკარე გამოვიდა, დარტყმის მომენტში შეყოვნდა და ალვარესი მას შეეჯახა. მეკარემ ფეხიც კი გაწია. მეტი რა უნდა ექნა? ეს პენალტი არ არის”.
იან რაიტი: „მსაჯმა ეპიზოდი არც კი შეამოწმა. მისი ასეთი საქციელი უბრალოდ ვერ გავიგე”.
როი კინი: „ვეთანხმები კოლეგებს. არ მგონია, რომ ეს პენალტი იყო. მეტი სად უნდა გაწეულიყო მეკარე?”
შოტლანდიელი ალი მაკკოისტი კი განსახვავებული აზრისა აღმოჩნდა. მან კომენტარში დაწერა: „ვერ ვხვდები რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ პენალტი არ იყო. ასეთი დარღვევაა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ხომ ჯარიმაა. ჩემი აზრით მსაჯი აბსოლუტურად სწორად მოიქცა”.
ხორვატიის ნაკრების ლიდერმა, ვეტერანმა ლუკა მოდრიჩმა თქვა, რომ იტალიელი მსაჯი შეცდა: „ეს შეხვედრის საკვანძო მომენტი იყო. მსაჯმა არარსებული პენალტი დანიშნა. თავდამსხმელმა ბურთს დაარტყა და მერე შეასკდა ჩვენს მეკარეს. ვერც კი ვიჯერებ, რომ ასეთ რამეზე პენალტი დაიდო. და ამ ეპიზოდმა მთელი თამაში შეცვალა”.