გასული კვირის მიწურულს ევროპულ რაგბში ორი ეპიცენტრი იყო – ევროთასები და საფრანგეთის პრო დ2.
ევროთასები
როგორც იქნა, ევროპაში სტარტი კონტინენტურმა საკლუბო ტურნირებმაც აიღო. ფრანგული კლუბები – „ლა როშელი“ და „ლიონი“, შესაბამისად ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის მფლიობელები არიან და საღინაძე-ნინიაშვილის კლუბი სწორედ ამ წარმატების შედეგად მონაწილეობს მთავარი საკლუბო ტურნირის გათამაშებაში.
უნდა ითქვას, რომ არცერთ ხსენებულ კლუბში გასულ უქმეებზე ქართველებს არ უთამაშიათ. „ლა როშელი“ ტიტულის დაცვას ინგლისური „ნორთჰემპტონის“ განადგურებით შეუდგა – 46:12, ხოლო ლიონელები სამხრეთ აფრიკაში დაძაბულ ბრძოლაში „ბულზთან“ 36:42 დამარცხდნენ.
რაც შეეხება ქართულ ლეგიონს, ორივე ევროტურნირის სტარტზე ჩვენებურთა მინიმალურმა რაოდენობამ ითამაშა: ჩემპიონთა თასზე – ორმა, ჩელენჯ კაპზე – ოთხმა.
„ბორდო“ ინგლისში „გლოსტერს“ ესტუმრა და ბონუსით დამარცხდა – 17:22. ფრანგთა სასტარტოში ლექსო ყაულაშვილი იყო, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, რაც ასე იშვიათია ბურჯისთვის.
„კლერმონმა“ სამხრეთაფრიკულ „სთორმერს“ უმასპინძლა და 24:14 მოუგო. „ყვითელ წყალქვეშა ნავის“ შემადგენლობაში უკვე მე-6 წუთზე გამოჩნდა ვეტერანი დავით ქუბრიაშვილი, რომელმაც ტრავმირებული მოლდოველი კრისტიან ოჟოვანი შეცვალა. ანუ დუდუმ 74 წუთი დაჰყო თამაშში, რაც ასევე იშვიათად დიდი დროა ამ ამპლუისთვის.
ჩელენჯ კაპზე კლერმონის იდენტური ანგარიში საფრანგეთის დედაქალაქში დაფიქსირდა, სადაც „სტად ფრანსემ“ იტალიურ „ტრევიზოს“ უმასპინძლა – 24:14. ამ შეხვედრაში პარიზული კლუბის სასტარტოში ერთბაშად ორი ჩვენებური იყო – ნორჩი ბურჯი სერგო აბრამიშვილი და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე. ამ უკანასკნელმა მძიმე ტრავმა როგორც იქნა მოირჩინა და მისი დაბრუნება სწორედ ევროთასის მატჩს დაემთხვა. სერგომ საწყისი ერთი საათი ითამაშა, რის შემდეგაც ადგილი ვეტერან ვასილ კაკოვინს დაუთმო, ხოლო ცუცქირიძე 52-ეზე შეცვალეს.
დაბოლოს, უელსურმა „სკარლეტსმა“ ერთობ იოლად აჯობა ფრანგულ „ბაიონს“, რომლის სასტარტოშიც გამოცდილი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე იყო. კოტემ შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ იმ 10 წუთის გამოკლრებით, როცა 33-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
პრო დ2
ამავდროულად საფრანგეთში პრო დ2-ის პირველი წრის ბოლოსწინა, მე-14 ტური გაიმართა, რომელშიც ქართველებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ, თუ არ ჩავთვლით ბწრყინვალე ფორმაში მყოფი თორინკე ჯალაღონიას თამაშს. ბორჯღალოსანი მესამეხაზელი თავის „ბიარიცს“ მორიგი გამარჯვების მოპოვებასა („ანგულემთან“ 32:15) და ცხრილის მეორე საფეხურზე დამკვიდრებაში დაეხმარა. ძალიან მაგარი თამაში ჯალაღონიას ექსპერტებმაც დაუფასეს – ზედიზედ მეორედ შეიყვანეს ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
მთლიანობაში ტურში 17-მა ჩვენებურმა ითამაშა, რაც არცთუ ურიგო მაჩვენებელია. ლიდერი კი უცვლელია: „ოიონაქსი“ ქართველების დაუხმარებლადაც იოლად ინარჩუნებს პირველ ადგილს პრო დ2-ში.