საფრანგეთის ქალაქ ორლეანის GRAND PRIX NUOMA 2022 ფარიკაობაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია.
სასიამოვნოა, რომ წლეულს მისი ვერცხლის მედალოსანი ქართველი სანდრო ბაზაძე გახდა. ხმლით მოფარიკავე ქართველი განთესილი იყო და საქმეში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო: სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია - 1TVსანდრომ ჯერ იტალიელი ჯოვანი რეპეტი 15:10 დაამარცხა, მას სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:11 მიყოლა, ხოლო ნახევარფინალში იტალიელი ლუკა კურატოლე გაანადგურა – 15:6.
ფინალში ბაზაძე უნგრელ არონ შილაგის დაუპისრისპირდა. გახსოვთ, ალბათ, ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე ამ მოფარიკავეთა ჯახი ხმაურიანად დასრულდა. მართალია, შილაგიმ მოიგო, მაგრამ იქ ჩანდა, რომ სანდროს მოგება წაართვეს. აქედან გამომდინარე რევანში ასაღები იყო, მაგრამ არ შედგა – უნგრელმა ამჯერად უკეთ იასპარეზა და ჩვენებური 15:10 დაამარცხა.
ჩვენებურისთვის ეს გრან პრის პირველი ფინალი იყო. აქამდე სანდროს კაიროსა და მონრეალის გრან პრიზზე ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.
ორლეანის გრან პრი საუკეთესო 16 მონაწილეს შორის დაასრულა მონაწილეობა ლიკა ჯიჯეიშვილმა. 23 წლის ქართველმა მოფარიკავემ ჯგუფური და საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ძირითად ბადეში, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ღირსეულად იასპარეზა. ოცდამეთორმეტედფინალში 33 წლის გამოცდილი ესპანელი, რეიტინგის მეცხრე ნომერი, გასული მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი არასელი ნავარო 15:13 დაამარცხა, მეთექსმეტედფინალში იტალიელ რებეკა გარგანოს 15:12 სძლია, მერვედფინალში კი, დაძაბულ ბრძოლაში, ოლიმპიურ პრიზიორ, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან ფრანგ მანონი აპიტი-ბრუნესთან 11:15 დამარცხდა.