ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთთან 1:2 წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოემშვიდობა — ნახევარფინალში ფრანგები გავიდნენ. „მანჩესტერ იუნაიტდისა” და ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილმა ვარსკვლავმა, ტელე-მიმომხილველმა გარი ნევილმა შეხვედრის შემდეგ მსაჯი, ბრაზილიელი ვილტონ სამპაიო გააკრიტიკა. ნევილს სწამს, რომ სამპაიომ თავისი შეცდომებით მატჩის მსვლელობას კვალი დააჩნია.
ექსპერტმა ITV-ს ეთერში თქვა: „ყველამ ნახეთ როგორ ითამაშა საფრანგეთის ნაკრებმა დაცვაში. ჩვენ ვიცოდით, რომ დაცვა ფრანგების სუსტი მხარეა, მაგრამ რას წარმოვიდგენდით თუ მსაჯი ასეთ გადაწყვეტილებებს მიიღებდა.
არბიტრს კოშმარული საღამო ჰქონდა. ეს ნამდვილი დაცინვა იყო.
მე არ ვამბობ, რომ ინგლისმა მხოლოდ მსაჯის შეცდომების გამო წააგო, ეს თავის გამართლება იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ სამპაიო ცუდი მსაჯია, ძალიან ცუდი”.
ბრიტანულ მედიაში წერია, რომ ინგლისელ ფანებს სამპაიოსთან რამდენიმე პრეტენზია ჰქონდათ. მათ მიაჩნდათ, რომ როდესაც დაიო უპამეკანომ ბუკაიო საკა წააქცია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, 24 წლის ფრანგისთვის ყვითელი ბარათიც უნდა ამოეღო. თერთმეტმეტრიანი ჰარი კეინმა გაიტანა. ინგლისელთა აზრით იმავე უპამეკანომ ერთი ხნის შემდეგ კეინიც წააქცია, მაგრამ მსაჯმა მეორე პენალტი აღარ დანიშნა. არბიტრმა და VAR-მა ეპიზოდი აღარც კი შეამოწმეს.
მოგეხსენებათ, ეს შეხვედრის ბოლო დრამა არ იყო. სამპაიომ ინგლისელების სასარგებლოდ კიდევ ერთი პენალტი მაინც დანიშნა, ამჯერად თეო ერნანდესის მიერ მეისონ მაუნტის წაქცევის გამო. თავიდან ბრაზილიელი მსაჯი თერთმეტმეტრიანის დანიშვნას არ აპირებდა, მაგრამ VAR-მა ეპიზოდის მონიტორზე შემოწმება მოსთხოვა და ის იძულებული გახდა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაეშვირა. კეინმა ამჯერად ააცილა.
სამპაიოს მიმართ პრეტენზიები ამით არ ამოწურულა. როდესაც ერნანდესმა ჯუდ ბელინგემი წააქცია, ინგლისელები მილანელის წითელი ბარათით დასჯას ითხოვდნენ.