No description available.ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ განაცხადა, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტიდან წავიდა.

ტიტეს ხელმძღვანელობით „სელესაო“ ორჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მაგრამ ორჯერვე ამ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას – 2018 წელს რუსეთში გამართულ მონდიალზე ბელგიის ეროვნულმა გუნდმა დაამარცხა, ახლა კი პენალტების სერიაში ხორვატიამ.

ტიტეს გარდა ბრაზილიის ნაკრები, შესაძლოა, ნეიმარმაც დატოვოს. ხორვატიასთან მატჩის შემდეგ მან კომენტარი გააკეტა და სანაკრებო კარიერის შესახებაც ისაუბრა:

„ვფიქრობ, ახლა არ არის ამ თემაზე სასაუბრის დრო, მაგრამ ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემთ. უნდა ვიფიქრო, ჩემს მომავალზე. ეროვნულ გუნდს კარს არ ვუხურავ, მაგრამ 100 პროცენტით არ ვამბობ, რომ აქ სათამაშოდ დავბრუნდები.

ხორვატიასთან დამარცხების ტკივილი ხანგრძლივი იქნება. მადლობა ბრაზილიელ გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრებისადმი გამოვლენილი მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის“, – განაცხადა ნეიმარმა.