თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „ნაპოლიმ” „ანთალიასფორს” 3:2 მოუგო. ხვიჩა კვარაცხელიამ, ისევე როგორც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა დიდმა ჯგუფმა (მარიო რუიმ, სტანისლავ ლობოტკამ, ელიფ ელმასმა, ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი დი ლორენცომ) მოედანი პირველი ტაიმის (2:0) შემდეგ დატოვა. ნეაპოლელთაგან ორი გოლი გაიტანა ჯაკომო რასპადორიმ და ერთიც მისივე პასით მატეო პოლიტანომ.
მატჩის შემდეგ „აძურის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ უპირველეს ყოვლისა რასპადორიზე ილაპარაკა:
„თუ გარბენილი კილომეტრების მიხედვით ვიმსჯელებთ, ის ნამდვილი ნახევარმცველია, მაგრამ სხვა ნახევარმცველებისგან განსხვავებით მას აჩქარებები ახასიათებს. ამიტომაც, დღეს ტრადიციულისგან განსხვავებული დავალება მივეცი. ვნახოთ, რა გამოვა. ერთი კი ფაქტია, როდესაც ფეხბურთელს დიდი სურვილი აქვს და მოწადინებულია, ის ნებისმიერ როლს მოერგება”.
განლაგება
3-4-2-1 ის განლაგებაა, რომელიც პერიოდულად შეიძლება გამოვიყენოთ. დღეს ბევრი მცველი გვაკლდა, ამიტომაც ვცადეთ ახალი ვარიანტი, ზოგ მოთამაშეს პოზიცია შევუცვალეთ. ნური შაჰინის გუნდს, „ანთალიასფორს”, აშკარად ეხერხება კარგად თამაში. ვფიქრობ, შაჰინისგან დიდებული მწვრთნელი დადგება.
კვარაცხელია
კვარა თავს ჩინებულად გრძნობს. მას მერე, რაც დაბრუნდა, ზურგს აღარ შეუწუხებია. დღეს მან თავისი ოსტატობის ფრაგმენტები გვაჩვენა. მიხარია, კვლავ რომ შეგვიძლია მასზე დაყრდნობა.
შემადგენლობა
ყველა, ვინც მოედანზე შევუშვი შანსს იმსახურებდა. მათ ადრეც დაამტკიცეს, რომ პერსპექტიული ბიჭები არიან და დღესაც დავინახე, რომ მომავალშიც უნდა ვენდო
გუნდი
საქმე კარგად მიდის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ოფიციალური თამაშებისთვის მზად ვიყოთ. ძალიან კარგ აადგილას ვიმყოფებით, აქ ის კომფორტი გვაქვს, რომელიც გვჭირდება. თურქული ფეხბურთი ენთუზიაზმით არის სავსე. „ანთალიასფორთან” ადვილი მატჩი არ გვქონდა, თან მოედანზე ფეხი ძალიან ცურავდა. ამის გამო ტექნიკურ ფეხბურთელებს უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ. კარგი იყო ნდომბელე.
რაღაცები არ მომეწონა, მაგალითად იყო ეპიზოდები, როდესაც ჩემი ფეხბურთელები უფრო ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს ეძებდნენ. თანმიმდევრულად ვერც მაღალი პრესინგი ვითამაშეთ. ძლიერ გუნდებთან ეს შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. სამაგიეროდ, მომეწონა, რომ ბურთს სწრაფად ვაგორებდით. კარგი იყო დრიბლინგი და შეტევის გაშლა. დი ლორენცო ახალ როლშიც დი ლორენცო გახლდათ.