მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარიას რა დღეც აყარა, ყველამ იცის — 6:1. ექვსიდან სამი გოლი „ბენფიკას” 21 წლის თავდამსხმელმა გონსალო რამუშმა გაიტანა, თითო კი დაამატეს ვეტერანმა პეპემ, „დორტმუნდის” რაფაელ გუერეირომ და „მილანის” რაფა ლეაომ. შვეიცარიელთა ერთადერთი გოლი „მანჩესტერ სიტის” მცველმა მანუელ აკანჯიმ შეაგდო.
პორტუგალია მეოთხედფინალშია, სადაც მაროკოს ხვდება, თუმცა დღეს გვინდა თქვენი ყურადღება ერთ დეტალზე ევაჩეროთ: პირველი გოლის შემდეგ, როდესაც მთელი გუნდი მოედანს მიღმა საზეიმოდ გავარდა, „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი ბერნარდო სილვა სწრაფად შემობრუნდა აუტის ხაზს შიგნით და დადგა. მიზეზი: გავრცელებულია აზრი, თითქოს გუნდს, რომელმაც გოლი გაუშვა, თამაშის განახლების უფლება მაშინ ეძლევა, როდესაც მოწინააღმდეგე მის ნახევარზე აღარ დგას. გამოდის, რომ თუ მოზეიმე გუნდის ყველა ფეხბურთელი აუტის ან კუთხურის ხაზის გარეთაა, ისინი მეტოქის ნახევარზე არ დგანან, რითაც შესაძლოა გუნდმა, რომელმაც გოლი გაუშვა ისარგებლოს, ბურთი სწრაფად გაათამაშოს და გოლი შეაგდოს.
ეს რასაკვირველია მართალი არ არის. ფიფას მერვე წესში მკაფიოდ წერია, რომ თამაშის განახლება მაშინ შეიძლება, როდესაც ყველა ფეხბურთელი იმ ერთის გარდა, ვინც ბურთი უნდა გააგოროს, თავის ნახევარზეა.
ასე და ამგვარად, ბერნარდო სილვას შეეძლო გოლი თანაგუნდელებთან ერთად ეზეიმა.
შეგახსენებთ, რომ ასეთივე ამბავი მოხდა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, როდესაც ინგლისელი კირეან ტრიპიერი ტუნისის კარში ჰარი კეინის გოლის საზეიმოდ მოედანს არ გასცდა და თანაგუნდელებს მარტო ელოდებოდა.