„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ კაპიტანს როი კინს ბრაზილიელების ცეკვა ყოველი გოლის შემდეგ არ მოეწონა. ბრაზილიამ სამხრეთ კორეას 4:1 მოუგო და ოთხივე გოლი ჯგუფური ცეკვით აღნიშნა. მეტიც, მესამე გოლის ზეიმს მწვრთნელი ტიტეც შეუერთდა, რაც ნამდვილად უცხო სანახავი იყო.
ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, კინს კი მისი ფეხბურთელების ქცევამ „ცეკვავენ ვარსკვლავები” გაახსენა.
„თვალებს ვერ ვუჯერებ, — თქვა კინმა, — ბრაზილია აშკარად საუცხოო, საუცხოო, საუცხოო ფეხბურთს თამაშობს. ვინისიუსმა ჩინებული გოლი შეაგდო, გუნდმა თამაში დიდებულად დაიწყო, მაგრამ ამდენი ცეკვა არასდროს მინახავს. გეგონება „ცეკვავენ ვარსკვლავებს” ვუყურებდი. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა. არ მომწონს. ხალხი მეუბნება, რომ ეს მათი კულტურაა, მე კი მოწინააღმდეგის მიმართ უპატივცემულობად მიმაჩნია. ოთხი გოლი გაიტანეს და ოთხივეჯერ ერთი და იგივე გაიმეორეს.
კარგი, პირველი გოლის შემდეგ გაჩაღებულ ცეკვაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მესამე ჯერზე მწვრთნელიც ჩაება. ეს არ იყო კარგი საქციელი.”
ბრაზილიელებს „ლივერპულის” ლეგენდამ გრემ სუნესმაც დაუწუნა საქციელი.
„დროის ამბავია. ასე მანამდე გაგრძელდება, სანამ ამ ბრაზილიელებს ვინმე არ მოუგებს”, — თქვა შოტლანდიელმა.





