No description available.პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ზედიზედ მეორედ გააღწია „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ფინალში. ტურნირის აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულმა „შავმა ლომმა“ დასავლეთის მეორეადგილოსან „იბერიანსს“ „ავჭალაზე“ უმასპინძლა და მიუხედავად პირველ ტაიმში მეტოქის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა, საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა. 41:9 სრულად ასახავს ძალთა შეფარდებას. ქართველები ესპანელებს ყველა სათამაშო კომპონენტში აშკარად აღემატებოდნენ და შედეგიც აბსოლტურად სამართლიანია.

აკა ტაბუცაძემ მატჩი საკუთარ ბენეფისად აქცია – ერთი მეორეზე უკეთესი სამი ლელო დადო, ხოლო დანარჩენი სამი საკუთარ ანგარიშზე ნოდარ ჭეიშვილმა, შალვა მამუკაშვილმა და გიორგი ჩხარტიშვილმა ჩაიწერეს. ლუკა მატკავამ კი ამ ლელოებიდან 4 გარდასახა, რასაც ერთი ზუსტი ჯარიმაც წაამატა, რამაც ჯამში 11 ქულა შეადგინა.

ფინალში კი „ლომის“ მეტოქე „თელ ავივ ჰითი“ იქნება, რომელმაც პორტუგალიაში იქაური „ლუზიტანუში“ დაამარცხა – 30:22. ისრაელის ფრენჩაიზი სერიოზულ ძალას რომ წარმოადგენს, ქართველებმა საკუთარ თავზეც გამოსცადეს – „ჰითთან“ ჯგუფურ ეტაპზე საშინაო მატჩი ფრედ დაასრულეს, ხოლო ისრაელში უკვე თელავიველებმა იმარჯვეს.

ასე რომ, 17 დეკემბერს იგივე „ავჭალაზე“ ისტორიაში მეორე ევროპული სარაგბო  სუპერთასს საქართველოს „შავი ლომი“ და ისრაელის „თელ ავივ ჰითი“ გაითამაშებენ.