Kim Min-Jae of Korea in action during the FIFA World Cup Qatar 2022 Group H match between Korea Republic and Ghana at Education City Stadium on...კლუბების და ნაკრებების დაპირისპირება ძველი ამბავია. ამის თვალსაჩინო მაგალითია, ის რაც სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდისა და „ნაპოლის” ცენტრალურ მცველის კიმ მინ-ჯაეს თავს ხდება. ბოლო დღეებია იტალიური, განსაკუთრებით კი ნეაპოლური პრესა მის სახელს ყველა ბრუნვაში ატრიალებს.

საქმე ის გახლავთ, რომ კიმმა განასთან შეხვედრაში წვივი იტკინა და იძულებული გახდა ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში პორტუგალიასთან (რომელიც კორეელებმა ყველას გასაკვირად 2:1 მოიგეს) გამოეტოვებინა. ნაკრები, რომლის მეკარე და ოთხი მცველი მანამდე გვარად კიმი იყო, გადასხვაფერდა — უკანა ხაზში კვონი გამოჩნდა. „ნაპოლის” კიმმა კი პატრიოტიზმი გამოამჟღავნა და მერვედფინალში, ბრაზილიასთან მოედანზე გასვლა მოიწადინა, ისეთიც არაფერი მჭირსო.

კიმის პატრიოტიზმმა სრულიად ნეაპოლი აღაშფოთა, რადგან ის მათი გუნდის საკვანძო ფიგურაა და ჯანმრთელი სჭირდებათ. ორი დღის წინ „კორიერე დელო სპორტმა” დაწერა, რომ ყატარიდან ჩამოსულ ხმათა თანახმად კიმის საქმე უკეთესად არის, მარჯვენა ფეხის წვივში „დისკომფორტი კონტროლს ექვემდებარება” (ცოტა ბუნდოვანი ნათქვამია) და თან „ნაპოლის” ექიმები ფეხბურთელს ყოველდღიურად ურეკავენ.

მაგრამ, ეტყობა ერთია რას წერს რომაული პრესა და მეორე — რას განიცდიან ნეაპოლში. ჟურნალისტმა ჯოვანი იბელომ თავის სტატიაში (მათ ერთხელ უკვე მოგვპარეს სკუდეტო) მკაფიოდ გამოხატა კამპანელთა პოზიცია. მან დაწერა, რომ სერია A-ს თამაშების განახლებამდე ერთი თვეღა დარჩა და „აძურის” თითოეული ფეხბურთელის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. იმის დასამტკიცებლად, რომ გუნდში მდგომარეობა სახარბიელო არ არის, ავტორმა კოსოვოელი მცველის ამირ რაჰმანის ტრავმა მოიშველია და დასძინა, რომ რაჰმანი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოჯანმრთელებული. არადა, სპალეტის გუნდს იანვარშივე უმძიმესი თამაშები ელის.

იბელომ დაწერა, რომ „ვირებს” („ნაპოლის” ერთ-ერთი მეტსახელია, რომელიც კლუბს 1926-27 წლების ჩემპიონატიდან მოსდევს) 2018 წელს ჩემპიონობა მოპარეს (სკუდეტო „იუვენტუსმა” მოიგო), მაგრამ ისინი კვლავ ჯიუტად მიიწევენ სანუკვარი მიზნისკენ, რასაც ოთხი თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. ასე რომ, კიმის პატრიოტიზმისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე კლუბში კარგი თამაშის გამო მოხვდა.

„1987 წლის სკუდეტოს მფლობელები ხშირად იმეორებენ, რომ თუ გამარჯვება გინდა, დეტალებს უნდა მიაქციო ყურადღება, რადგან შედეგს დეტალები განაპირობებს”, — დაწერა ნეაპოლელმა მიმომხილველმა.

1987 წლის სკუდეტოს მფლობელი კი „ნაპოლი” გახლავთ.