No description available.ბექა გიგაშვილმა „ტულონისა“ და „რასინგ-92“-ის შეხვედრის 58-ე წუთზე პარიზელები დაალელოვა და ანგარიში გაათანაბრა – 14:14. მაგრამ, მასპინძელთა სამწუხაროდ, ქართველი ბურჯის გასვლა და სტუმართა დომინაცია ერთი იყო. შეხვედრა „რასინგმა“ 31:14 მოიგო და ცხრილში მეორე საფეხურამდე დაწინაურდა. გიგაშვილისთვის ეს სეზონში მესამე ლელო იყო, თანაც ზედიზედ მეორე მატჩში გატანილი. გამარჯვებულთა სასტარტოში კი ბექას პირისპირ გურამ გოგიჩაშვილი იდგა, ხოლო ,მეორე ტაიმში თამაშში ტრავმამოშუშებული გია ხარაიშვილიც ჩაერთო. და კიდევ ერთი რამ: ამ შეხვედრა ქართველმა ნიკა ამაშუკელმა იმსაჯა!

ტოპ 14-ში აღსანიშნავი კიდევ ისაა, რომ გიორგი მელიქიძე კვლავ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. „სტად ფრანსეს“ ქართველმა ბურჯმა საუცხოოდ ითამაშა ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ლა როშელის“ წინააღმდეგ და პარიზელებს ბონუსიანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 27:14. ამ მატჩში სტუმართა რიგებში ალექსანდრე ქუნთელია პირველად გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში და ესეც პოზიტიურ მომენტად უნდა მივიჩნიოთ, რაგან სანდრო მხოლოდ 20 წლისაა.

No description available.დავით ნინიაშვილმა ბაიონში მე-10 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, სანაგიეროდ ბექა საღინაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში სრული 80 წუთი ჩაატარა, მაინც კოტე მიქაუტაძის „ბაიონმა“ იმარჯვა – 19:7.

მთლიანობაში ტოპ 14-ის მე-12 ტურში 17-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, აი, პრო დ2-ში კი სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა: რანგით მეორე ფრანგულ სარაგბო ლიგის მე-13 ტურში 22-მა ჩვენებურმა ითამაშა და ეს ყველა დროის უმაღლესი მიღწევაა. შეიძლებოდა ეს რიცხვი სულაც 23-ის ტოლი ყოფილიყო, მაგრამ „ბიარიცის“ მწვრთნელებმა ლუკა ჭელიძე მარქაფაში დაუსაქმებლად დატოვეს.

ტური საკმაოდ შედეგიანი გამოდგა ქართველთათვის. 22 წლის მეორეხაზელი საბა ფესვიანიძე პრო დ2-ში მხოლოდ მეოთხე მატჩს ატარებდა, მაგრამ თავის „ანგულემს“ შეუჩერებელ „ოიონაქსთან“ დაპირისპირებაში ბონუსი მოუნადირა – 15:20. საბამ 29-ე წუთზე ბურთი რაქიდან ამოიღო და მძლავრი ბიძგებით რამდენიმე მეტოქე დაჩეჩქვა. სხვათა შორის, „ოიონაქსი“ მეორეადგილოსან „ბიარიცთან“ 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. აი, ასეთ მრისხანე გუნდთან გამოიჩინა თავი ახალგაზრდა ქართველმა.

No description available.გიორგი ახალაძემ კი დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო ბევრი დრო გააცდინა და დაბრუნებულმა, ეგრევე ლელო დადო. „ნევერთან“ გასვლითი მატჩის მეორე ტაიმის სრულად ჩამტარებელმა ბურჯმა 51-ე წუთზე თავისი „ბეზიეს“ მოლი საუკეთესოდ გამოიყენა სეზონში თავისი მეორე ლელოს გასატანად. საბოლოოდ „ნევერმა“ 23:19 იმარჯვა, ანუ ახალაძის ლელომ მის „ბეზიეს“ სანუგეშო ქულა მოუტანა.

„მონტობანმა“ რუანში 23:41 წააგო და მეტოქეს ბონუსიც ააღებინა, არადა საკმაო ხნის განმავლობაში ეს თამაში აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ამაში დიდი წვლილი თედო აბჟანდაძეს მიუძღვოდა, რომელმაც მინდორზე გატარებულ 54 წუთში 13 ქულა დააგროვა – 2 ლელო გარდასახა და ზედაც 3 ზუსტი ჯარიმაც დაურთო. ამით ქართველი მგეზავის სეზონურმა ანგარიშმა 43 ქულას უწია, თუმცა მისი „მონტობანი“ ჯერჯერობით სავალალო მდგომარეობაშია – „კარკასონთან“ გასავარდნ, მე-15 ადგილს ინაწილებს…