პორტუგალიელი რაფა ლეაო იმ იშვიათ 23 წლის ახალგაზრდათაგანია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი გოლის გემო გაიგო. ის ლისაბონის სიახლოვეს, პატარა ქალაქ სეიშალში გაიზარდა, სადაც დიდწილად სან ტომე და პრინსიპიდან, ანგოლიდან და კაპე ვერდედან ჩამოსახლებული ოჯახები ცხოვრობენ. „მილანის” თავდამსხმელმა, რომელსაც ხშირად „ნაპოლის” ქართველ ფორვარდს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ, თავისი პირველი სამუნდიალე გოლი სულ ახლახან ყატარში გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე, განასთან შეხვედრაში, ის სულ სამი წუთის შესული იყო მოედანზე, მეტოქის კარი რომ დალაშქრა. ლეაო ღონიერია, სწრაფი და გოლის ჩინებული ალღო აქვს. სწორედ ამ თვისებების გამო მოსწონს პორტუგალიელი „რეალის” იტალიელ თავკაც კარლო ანჩელოტის. ის ლეაოს მუდამ აქებს, რაც AS-ის აზრით იმას ნიშნავს, რომ მადრიდელები მის გადაბირებას აუცილებლად შეეცდებიან. ფაქტია, რომ გასულ ზაფხულს ამაზე უკვე იყო ლაპარაკი.
თუმცა, კლუბი, რომელმაც ლეაოს შესაძენად პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა და როგორც ამბობენ „რეალზე” უფრო სერიოზულად მიუდგა საქმეს, „ჩელსი” გახლავთ. „მილანმა” დასავლეთ ლონდონელების წინადადება უარყო. თავდამსხმელს „როსონერისთან” 2024 წლამდე აქვს ხელშეკრულება და მილანური კლუბი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში მას თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე დაითანხმებს. სხვა საქმეა, რომ ლეაოს თვალი მაინც გაქცევაზე უჭირავს, რის გამოც ჯერჯერობით „სან სიროზე” ხანგრძლივი კავშირების გაბმას არ ჩქარობს. თუ დათანხმდება, „მილანი” პორტუგალიელის გამოსასყიდ თანხას მყისვე გააორმაგებს — 100 მილიონი ევროდან 200 მილიონ ევრომდე გაზრდის.
რაფა ლეაოს უახლოესი გარემოცვა დაბეჯითებით აცხადებს, რომ ფეხბურთელი ზამთრის მოახლოებულ სატრანსფერო სეზონზე იტალიის ჩემპიონიდან ფეხს არ გაადგამს, თუმცა არავინ იცის რა მოხდება ზაფხულში.
გასულ, საჩემპიონო სეზონში ლეაომ 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი ჩააწოდა. ასეთი სტატისტიკის წყალობით ის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ჯერჯერობით 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი ჩააწოდა.
მის შესაძენად „მილანმა” 2019 წელს ფრანგულ „ლილს” 23 მილიონი ევრო გადაუხადა. თავად ფრანგულმა კლუბმა კი ის 2018 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით წაიყვანა, რის გამოც 50 აღშფოთებული ლისაბონელი გულშემატკივარი „სპორტინგის” ოფისს მიუვარდა და ვინც იქ დახვდა, ყველას თავს დაესხა. საბოლოოდ ჩახლართული საქმე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაეცა და „სპორტინგმა” 16,5 მილიონი გირვანქა იშოვა.
ლეაო რასაკვირველია თხემით ტერფამდე ფეხბურთელია, მაგრამ ის აგრეთვე მოდისა და მუსიკის სამყაროში ტრიალებს. მოდაში ის მისდევს ქუჩური ჩაცმულობის ბრენდ Son is Son-ს, ხოლო მუსიკაში Way 45-ის ფსევდონიმით რეპის ჟანრში პირველი ალბომი გამოსცა და ინტერნეტში მილიონი ნახვაც დააგროვა.