The Uruguayan players chased the match officials down the tunnel in a furious meleeურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა. განრისხებულმა ვეტერანმა, „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა და ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა ედინსონ კავანიმ მოედნიდან გასვლისას ჯავრი VAR-ის მონიტორზე იყარა, რასაც ქვემოთ ვიდეოზე ნახავთ.

კავანი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. მან ძველი პარტნიორი ლუის სუარესი შეცვალა, მაგრამ განელთა კარში მესამე გოლის გატანა ვერ მოახერხა, შეხვედრა 2:0 დამთავრდა და მატჩის დამთავრების შემდეგ პრეტენზიებით მსაჯს მიეჭრა. გაწბილებულმა ურუგვაელებმა არბიტრს ალყა შემოარტყეს, თუმცა ვალენსიელის აღშფოთებამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც VAR-ის მონიტორს მიუახლოვდა. მან ის გადააყირავა. ამით მოწყობილობა დაზიანდა თუ არა, არ იტყობინებიან.

კავანის ქცევა ITV-ს ექსპერტებმა, ყოფილმა ფეხბურთელებმა იან რაიტმა და ჯო კოულმა განიხილეს.

„რა საშინელი ბიჭია, — თქვა რაიტმა, — შემაძრწუნებელი საქციელი ჩაიდინა. გასაგებია, რომ იმედი გაგიცრუვდა, მაგრამ ნერვები უნდა მოთოკო. მთელი მსოფლიო გიყურებს, ასეთ დროს კი პასუხისმგებლობა გეკისრება. ბავშვები გიყურებენ. ან ის რას ჰგავდა, მსაჯს უამრავი კაცი რომ შემოეჯარა. ცუდი სანახაობა იყო”.

ურუგვაელების გაბრაზება იმან გამოიწვია, რომ შეხვედრის მიწურულს, მათ სასარგებლოდ,  დარვინ ნუნიესისა და ალიდუ სეიდუს შეტაკების ეპიზოდში მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

ინგლისელმა ვეტერანმა კრის სატონმა სოციალურ მედიაში დაწერა: „ისინი წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობდნენ. კავანის პენალტის მოპოვება უნდოდა და აფერისტობდა, შემდეგ კი მან და მისმა თანაგუნდელებმა ყველაფერში მსაჯის დადანაშაულება მოინდომეს. ურუგვაი საცოდავი „ლუზერი” ყოფილა!”

ამრიგად, H ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა  პორტუგალია, რომელმაც ბოლო შეხვედრაში სამხრეთ კორეასთან 1:2 წააგო. კორეელებმა მეორე ადგილით გააღწიეს ფლეი-ოფში.

მერვედფინალში პორტუგალია შვეიცარიას ხვდება, ხოლო სამხრეთ კორეა ბრაზილიას.