MF-Milano Finanza-ს გუშინდელ ნომერში სხვადასხვა ფონდების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში გაკრთა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარკვეულ ფინანსურ ძალებს „ნაპოლის” ყიდვა განუზრახავთ. ლაპარაკია მექსიკელ მყიდველზე, რომელიც მილიარდ ევროსთან მიახლოებულ თანხას იხდის, რაც კლუბისთვის, რომელმაც 2021 წელი 228 მილიონიანი შემოსავლის მიუხედავად 58 მილიონიან მინუსში დაამთავრა, თითქოს შვება უნდა იყოს. სტატიაში არაფერი ეწერა იმის შესახებ, თუ რა აზრისაა შემოთავაზების შესახებ „აძურის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი. სავარაუდოდ, ის კლუბის გაყიდვაზე უარს იტყვის, რადგან მას გასულ ივლისში ერთზე კი არა, 2,5 მილიარდზე უთქვამს უარი. დღეს „ნაპოლი” სერია A-ში ლიდერობს და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ჩემპიონიც გახდეს, რაც სეზონის ბოლოს ფინანსურ სურათსაც შეცვლის.
***
გაზეთ „ილ რომაში” ჟურნალისტმა სალვატორე კაიაცამ გამოაქვეყნა ცნობა, თითქოს „ნაპოლის” ყოფილი ვარსკვლავი ლორენცო ინსინიე კასტელ ვოლტურნოში მხოლოდ ყოფილი თანაგუნდელების მოსანახულებლად კი არ მივიდა, არამედ ლუჩანო სპალეტის კლუბის ბაზაზე ვარჯიშის ნებართვა სთხოვა.
საქმე ის არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში MLS-ის ჩემპიონატი კარგა ხნით შეჩერდა, „პარტენოპეის” ყოფილ ლიდერს კი სურს უქმობით საქმე არ გაიფუჭოს. მას სულ მცირე უნდა ფიზიკური ფორმა შეინარჩუნოს და სანამ გუნდი ანთალიაშია (სადაც პირველიდან 12 დეკემბრამდე დარჩება) კლუბის ინფრასტრუქტურით ისარგებლოს.
როგორც ცნობილია, „ნაპოლის” ხელმძღვანელობამ ინსინიეს უარი არ უთხრა და ნება დართო უახლოესი კვირების განმავლობაში ივარჯიშოს საწვრთნელ ცენტრში, სადაც ის როგორც ფეხბურთელი გაიზარდა, სადაც 10 წელიწადზე მეტი დადიოდა და სადაც გასულ ზაფხულს თავისი ცხოვრების მთავარ გუნდს გამოემშვიდობა.
***
1 დეკემბერს „ნაპოლი” თურქეთს გაემგზავრა, სადაც სამხრეთულ მზეში გადატვირთვას და სეზონის გაგრძელებისთვის მომზადებას შეეცდება. სპელიტის გუნდში უნდა ყოფილიყო ჩრდილო მაკედონიელი ფეხბურთელი ელიფ ელმასიც, მაგრამ ის რეისს ჩამორჩა. იტალიური პრესა ელმასის ჩაამორჩენას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სიტყვით აღწერს: დაუდევრობა.
„სპორტ იტალიამ” სერია A-ს ლიდერის ანთალიაში გამგზავრების შესახებ ასე დაწერა: „გუნდის თანმხლები თურქეთში მზიანი დარი იქნება, თუმცა თანაგუნდელებთან ერთად არ იყო ელმასი, რომელიც მათ მაკედონიიდან შეუერთდება. ხუთი სხვადასხვა ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება პრიმავერას (ახალგაზრდული გუნდის) ხუთი მოთამაშეც. და კიდევ, პირველად „აძურის” ბანაკში არ იქნება ფიზიოთერაპევტი ტომაზო სტარაჩე, რომელიც მხიარული ბუნებითა და სურნელოვანი ყავით „ნაპოლის” ბანაკში ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.