აგერ უკვე ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატია, რაც გერმანიის ნაკრები ჯგუფში რჩება. კოსტა რიკასთან 4:2 მწარე და ამაო გამარჯვების შემდეგ ვეტერანმა თომას მიულერმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდიდან (სავარაუდოდ) მიდის. როგორც ჩანს მან „ბუნდესმანშაფტში” თორმეტწლიანი კარიერა დაასრულა.
„ეს ნამდვილი კატასტროფა იყო, — თქვა მიულერმა ARD-ს მიკროფონების წინ, — არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელო ამის შემდეგ ნაკრებში თამაში. თუ ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო, მაშინ გულშემატკივართან სიტყვა მაქვს სათქმელი: უკლებლივ ყველა შეხვედრაში გულს ვდებდი, მაქსიმუმს ვაკეთებდი. ქომაგები ხანდახან სიხარულის, ხანდახან კი სიმწრის ცრემლით ტიროდნენ. მე რაც შემეძლო გავეცი და არ ვიცი რა იქნება ამიერიდან”.
თომას მიულერი ბოლო დეკადაში გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელთაგანი იყო. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2010 წელს შედგა, რის შემდეგაც მან 121 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 44 გოლი, 2014 წელს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, სადაც 5 გოლი შეაგდო. გერმანელ ბომბარდირთა ჩამონათვალში მიულერს მეშვიდე პოზიცია უკავია. მასზე ერთი გოლით მეტი აქვს გატანილი კარლ-ჰაინც რუმენიგეს.