No description available.საფრანგეთის ორივე ელიტურ სარაგბო ლიგაში ქართველმა ლეგიონერებმა შესანიშნავი მატჩები ჩაატარეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ პრო დ2-ის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში „მონტობანის“ ბურჯი მირიან ბურდული მოხვდა, თან ვეტერანი მორკინალი ამ პატივს ზედიზედ მეორედ ეღირსა, ხოლო ტოპ 14-ის საუკეთესოთა 15-ეულში ერთბაშად სამი ქართველი აღმოვაჩინეთ!

საფრანგეთის ყველაზე ავტორიტეტულმა სარაბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის ტრადიციულ ნაკრებში „ტულონის“ ბურჯი ბექა გიგაშვილი, „პოს“ ფლანკერი ბექა გორგაძე და „ლიონის“ ფულბექი დავით ნინიაშვილი შეიყვანა. თუ მეხსიერება არ გვღალატობს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „მიდი ოლიმპიკი“ ტურის რჩეულთა შორის ერთბაშად სამ ბორჯღალოსანს ასახელებს, თუმცა, თითოეულმა მათგანმა ისე ითამაშა, რომ ფრანგ ჟურნალისტებს სხვა გზა არც დარჩენოდათ.

მირიან ბურდულით დავიწყოთ. მისი „მონტობანი“ შინ დაუზავდა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ვანს“ – 12:12. 31 წლის ბურჯმა ბოძებულ 55 წუთში სტუმართა №1 პირწმინდად დაჩაგრა და ფაქტობრივად მარტომ მოიპოვა ის ორი საჯარიმო დარტყმა, რომელიც ვეტერანმა ფრანგმა ჟერომ ბოსვიელმა უნაკლოდ გამოიყენა.

No description available. შემდეგ კი ამ უკანასკნელის ნაცვლად თამაშში კარდიფიდან ტრიუმფით დაბრუნებული თედო აბჟანდაძე ჩაერთო, რომელმაც კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და სწორედ ამ შედეგიანმა მოქმედებებმა შეადგინა „მონტობანის“ 12 სამატჩო ქულა. ამ ფრემ კლუბი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა.

ბექა გიგაშვილმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა თავისი „ტულონის“ შემადგენლობაში, რომელმაც პარიზში „სტად ფრანსეს“ 17:12 სძლია. თამაშის 56-ე წუთზე ბექამ ბურთი რაქიდან აიტაცა და ნახტომში ხაზს იქით დაამიწა. 30 წლის გიგაშვილი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს – ტოპ 14-ში ჩატარებულ 10 მატჩში უკვე მესამე ლელო გაიტანა, სიმბოლურ ნაკრებში კი მეოთხედ მოხვდა.

გიგაშვილის სეხნია გორგაძე „პოსთვის“ განსაკუთრებული ფიგურაა – გუნდის კაპიტანი, მენტალური ლიდერი და ალბათ საუკეთესო მოთამაშეც. ბასკურმა კლუბმა აუტსაიდერ „ბრივს“ უმასპინძლა და ბონუსით – 22:6 დაამარცხა. 26 წლის გორგაძემ მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, თანაც პირველიდან უკანასკნელ წუთამდე.

No description available.„ლიონმა“ კი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ „ტულუზს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ურთულეს გამარჯვებას შეწვდა – 21:14. ბოლო დროს უკვე აღარავის უკვირს, რომ 21 წლის დავით ნინიაშვილი ყველა დონეზე ყველა მატჩში მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა და ტულუზელებთან შეხვედრაც არ იყო გამონაკლისი. დათუნას ბურთთან ნებისინერი შეხება მეტოქისთვის დიდ ხიფათს მოასწავებდა და ამ გამარჯვებაში ახალგაზრდა ქართველმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. ნინიაშვილი დაცვაში კლდესავით მყარი იყო, მის ბოჭვას ფაქტობრივად ვერავინ დაუსხლტა, მაღალ ბურთებზე ის ტრადიციულად დომინირებდა და 47-ე წუთზე შეტევაში მისი ჩართვა შედეგიანი აღმოჩნდა. მასპინძლებმა ჩათვლის მოედნის გასწვრივ ბურთი აქეთ-იქით ათამაშეს და ბოლოს ხაზის გარღვევა ნინიაშვილს მიანდეს, რომელმაც მარცხენა ფლანგზე გაჭრა დაცვა და ბურთიანად ლელოს შუაგულამდე ირბინა, რათა გარდასახვის შესრულება უფრო იოლი ყოფილიყო. ეს იყო ქართველი ვარსკვლავის მე-5 ლელო ტოპ 14-ში გამართულ მე-9 მატჩში.

ამ გამარჯვებამ 29-ქულიანი „ლიონი“ ცხრილის მე-4 საფეხურზე აიყვანა, ხოლო „ტულუზი“ 35 ქულით ლიდერად დარჩა. ტოპ 14-ის მე-11 ტურში 14-მა ქართველმა ითამაშა, პრო დ2-ში გასულ ტურში მათი რაოდენობა 18-ის ტოლი იყო და თუ მათ იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპის ლიდერ „ლენსტერში“ ნათამაშებ ვახტანგ აბდალაძესაც დავუმატებთ, გამოდის რომ გასულ უქმეებზე ევროპის უძლიერეს ლიგებში 33-მა ქართველმა ლეგიონერმა იასპარეზა.