ჯეკ გრილიშმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი დაიცვა. მან თქვა, რომ საუთგეიტს ფილ ფოდენთან პრობლემა არ აქვს.
22 წლის ფოდენი მიმდინარე სეზონში ჩინებულ ფორმაშია. მან „მანჩესტერ სიტის” 20 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გადააწოდა, მაგრამ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ფოდენი მსოფლიოს ჩემპიონატზე, პირველ შეხვედრაში, ირანთან (6:2) შეცვლაზე შევიდა, მეორე ტურში აშშ-სთან (0:0) კი საუთგეიტმა საერთოდ არ ათამაშა.
ინგლისს აშშ-სთვის რომ მოეგო, დღეს მერვედფინალში ადგილი დაბევებული ექნებოდა, მაგრამ საუთგეიტის გუნდმა არათუ ვერ გაიმარჯვა, არამედ საგოლე მომენტების შექმნაც გაუჭირდა.
დღეს გულშემატკივრები ითხოვენ, რომ საუთგეიტმა ფოდენი უელსის წინააღმდეგ ათამაშოს. დაირხა ხმა, თითქოს მწვრთნელი „სიტის” თავდამსხმელთან უბრად არის, რომ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა, მაგრამ ფოდენის თანაგუნდელმა კლუბსა და ნაკრებში ჯეკ გრილიშმა BBC სპორტს ასე უთხრა:
„ორიოდ წლის წინ ხალხი ამბობდა, რომ მწვრთნელს ჩემთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ მე ეს ჭორები გავაქარწყლე, ვთქვი, რომ საუთგეიტთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს და მერე სხვა ფეხბურთელის ძებნა დაიწყეს — ჯეკთან უკვე კარგი ურთიერთობა ჰქონია, შემდეგი ვინ არის?
ჩემ მერე მედერსზე (ჯეიმს მედისონი) ამბობდნენ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვსო, შემდეგ მისი ამბავიც გაირკვა და ახლა ფილზე გადაერთნენ.
მინდა გითხრათ, რომ საუთგეიტს პრობლემა არავისთან აქვს. ის ყველას ერთნაირად გველაპარაკება. შეიძლება არ გათამაშოს – იმ საღამოს ფილი ხომ არ ათამაშა – მაგრამ მაინც ისე გეპყრობა, როგორც მე ან ჰარის. მას პრობლემა არ აქვს. რომ ჰქონდეს, აუცილებლად გაიგებდით”.
გრილიშმა კიდევ ერთ საკითხზე დაიცვა საუთგეიტი. ინგლისელთა მწვრთნელი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მის ხელთ არსებული ძლიერი თავდამსხმელების ხეირიანად გამოყენება ვერ მოახერხა.
გრილიშმა თქვა: „ხომ ხედავთ ჩვენს თავდასხმას? არ მინდა ვიტრაბახო, რომ ჩვენნაირი შეტევის ხაზი ამ ჩემპიონატზე სხვას არავის ჰყავს, მაგრამ საუკეთესოთა შორის რომ ვართ, ფაქტია. ჩვენს გუნდში შვიდი-რვა შემტევი ფეხბურთელია და თითოეულ მათგანს აქვს ისეთი თვისება, რითაც გუნდის თამაშის გამდიდრება შეუძლია. ასეთ ვითარებაში მწვრთნელს ხანდახან უჭირს არჩევა”.