განას ნაკრების აღშფოთებულმა მწვრთნელმა ოტო ადომ პორტუგალიასთან 2:3 წაგების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ მსაჯებმა კრიშტიანუ რონალდუს საჩუქარი მიუძღვნეს. ლაპარაკია პენალტზე, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა 65-ე წუთზე გაიტანა. ამ გოლის წყალობით კრიშტიანუ გახდა ერთადერთი მოთამაშე, ვისაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე დაულაშქრავს მოწინააღმდეგის კარი.
გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი 47 წლის განელი მწვრთნელი ამერიკელი მსაჯით ისმაილ ელფათით უკმაყოფილო გახლდათ. მისი აზრით პორტუგალიელი ფეხბურთელები გაცილებით მეტ ყვითელ ბარათს იმსახურებდნენ, ზემოთ ხსენებულ პენალტზე კი ლაპარაკიც ზედმეტად მიაჩნდა.
განის ნაკრებისა და „საუთჰემპტონის” მცველი მოჰამედ სალისუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვებულ ვეტერანს სავარაუდოდ სულ ოდნავ შეეხო, რონალდუმ კი ისარგებლა, გადაკოტრიალდა და ელფათს პენალტი დაანიშვნინა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „რეალისა” და „იუვენტუსის” ყოფილმა ვარსკვლავმა თერთმეტი მეტრიდან შეაგდო — ასე გაიხსნა ანგარიში.
ადომ თქვა: „დღეს ქულის აღება შეგვეძლო. ჩვენი ყვითელი ბარათები ყველამ კარგად დაინახა, მაგრამ გაფრთხილებას რამდენიმე პორტუგალიელი ფეხბურთელიც იმსახურებდა. ყველაფერი პირველმა გოლმა შეცვალა. ვფიქრობ მსაჯი შეცდა, როდესაც პენალტი დანიშნა. მან ეს თერთმეტმეტრიანი მხოლოდ ერთი მიზეზით „დაგვიდო” და ეს მიზეზი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა”.
რონალდუს ისტორიულ დარტყმაზე განელთა თავკაცმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ვულოცავ ყველას, ვინც გოლი გაიტანა. ვულოცავ ოღონდ… მან მსაჯებისგან სპეციალური საჩუქარი მიიღო”.
შემდეგ, „დორტმუნდისა” და „ჰამბურგის” ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა უბედობაც დაიჩივლა: „არ გაგვიმართლა. შედეგით აშკარად უკმაყოფილოები ვართ. ბურთს პორტუგალია ფლობდა. იმთავითვე ვიცოდით, რომ მეტოქე ამ კომპონენტში ძლიერი იყო, მაგრამ ჩვენც გვქონდა გამორჩეული მხარე – დაცვა. რასაკვირველია, ფლეი-ოფში გასვლის შანსი კიდევ გვაქვს. ახლა კორეა უნდა დავამარცხოთ და ამასთან გვინდა, რომ პორტუგალიამ ურუგვაის მოუგოს. ასე რომ, კვლავ ვფიქრობთ მეორე ადგილზე”.