ხანგრძლივი უქმობის შემდეგ „ინდიანა პეისერსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მოედანზე 15 წუთით შეუშვეს და ჩვენებურმა ეს დრო კარგად გამოიყენა. მართალია, გოგას ფანტასტიკური სტატისტიკა არ ჰქონია, მაგრამ რაც დაუთმეს, იმ დროში ბევრ კომპონენტში გუნდს სარგებელი მოუტანა.
ინდიანელები შინ „მინესოტას“ დაუხვდნენ და 101:115 დამარცხდნენ. გოგამ 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მოინაგრა. ჩვენებურმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ქართველი ცენტრი მასპინძელთა რიგებში ერთადერთი იყო, ვისაც დადებითი კოეფიციენტი ჰქონდა.
„ინდიანას“ 10 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრასაც შინ, „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავს.
ზედიზედ ცხრა მოგებით დაწყებული სეზონი სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ თანდათან გააუფერულა. გუნდმა ბოლო 8 მატჩიდან ხუთი წააგო. ამ დილით კი შინ, „ჩიკაგო ბულსთან“ 113:118 დამარცხდა.
მამუკელაშვილი გუნდის განაცხადში კი იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. „მილუოკი“ 12 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორეა, მომდევნო მატჩი კი, „კლივლენდ კავალიერსთან“ ელის.