ყატარი 22-ის მეორე დღის ბოლო შეხვედრაში აშშ უელსთან ლიბერიის პრეზიდენტისა და „ფრანს ფუტბოლის” 1995 წლის „ოქროს ბურთის” ლაურეატის ჯორჯ ვეას ვაჟის, 22 წლის ტიმოთი ვეას გოლით დაწინაურდა, მაგრამ 82-ე წუთზე გარეთ ბეილმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაქვითა და… უელსელთა მცველი ნეკო უილიამსი ატირდა. უილიამსის მოჭარბებული ემოციურობის მიზეზი თამაშის წინა დღეს პაპის გარდაცვალება ყოფილა. როდესაც საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელები გულშემატკივართა ტრიბუნასთან მადლობის სათქმელად მივიდნენ, 21 წლის ფეხბურთელმა თავი ვერ შეიკავა. შემდეგ კამერა აცრემლებულ უილიამსს მოედნის მიღმაც გაჰყვა და მოთამაშემ ობიექტივში თქვა: „ეს შენთვის იყო, ბაბუ”.
მოგვიანებით მცველმა სოციალური მედიის საშუალებით საზოგადოებას მისი ოჯახის ტრაგედიის ამბავი ამცნო. მან დაწერა, რომ დედისგან ასეთი მძიმე სიტყვები არასდროს მოუსმენია. უელსელი ფანების ფავორიტმა გულწრფელად თქვა, რომ მთელი დღე ტიროდა, მაგრამ როდესაც მისი ქვეყნის ნაკრებს დასჭირდა, გრძნობები მოთოკა და მოედანზე შევიდა.
„გუშინ ცხოვრებაში ყველა მძიმე ამბავი შემატყობინეს. დედამ დამირეკა და მითხრა, რომ წინა ღამით პაპა გარდაცვლილა. მთელი დღე ტირილის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშზე გადართვა უკიდურესად გამიჭირდა, მაგრამ გულშემატკივრის, თანაგუნდელებისა და ოჯახის წევრების დახმარებით მაინც შევძელი. ეს თამაში და მნიშვნელოვანი ქულა პაპას მივუძღვენი” —, დაწერა უილიამსმა ტვიტერზე.
პასუხად უელსელმა ფანებისგან ბევრი გამამხნევებელი კომენტარი მიიღო.