საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3.

წაგებაც არის და წაგებაც. პირველ ტაიმში არ ჩანდა გუნდი, არ ჩანდა მწვრთნელი… სამაგიეროდ, ლაღობდნენ აფრიკელები. პირველი გოლი მეხუთე წუთზევე გაგვიტანეს (ენ ნასირი), მეორე კი, ჰაკიმ ზიეჩმა საკუთარი ნახევრიდან ჩაგვიხუჭუჭა – გურამ კაშიას შეცდომა არ აპატია და წინ გამოსულ გიორგი მამარდაშვილს თავზე გადაუგდო.

მეორე ტაიმში თითქოს ფანტაზია მოგვემატა, მაგრამ ისეთი ვერაფერი, მატჩის ბედს რომ შემოატრიალებდა. მეტიც, მალევე სოფიან ბუფალიმ პენალტი გაგვიტანა და ყველაფერი იქ გაირკვა…

მატჩში იყო რამდენიმე საგულისხმო ფაქტი: გურამ კაშიამ 101-ე მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებში და ამ მხრივ ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. 100-100 მატჩი ლევან კობიაშვილსა და ჯაბა კანკავას აქვს ჩატარებული; დებიუტი ჰქონდა საბა საზონოვს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო და საქართველოს პასპორტი ახლახანს მიიღო. საბა დედით ქართველია; დებიუტი ჰქონდა გიორგი გოჩოლეიშვილსაც, რომელსაც მალე დონეცკის „შახტარში“ ვიხილავთ.