საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ქალაქ შარჯაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა.
21 ფეხბურთელმა ივარჯიშა. არ უვარჯიშია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონატში მიღებული ტრავმის გამო მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს.
შარჯაში ვარჯიშის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
– ამხანაგურ მატჩისას, მით უმეტეს როდესაც გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელები არიან, ახალი ფეხბურთელების გამოცდის შესაძლებლობა ჩნდება. ამჯერად ჩვენთან იმყოფებიან გოჩოლეიშვილი და საზონოვი. ახალი ფეხბურთელების დამატება ყოველთვის კარგია, მათ გუნდში სიახლე შემოაქვთ. ეროვნული ნაკრების ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის, ამხანაგური შეხვედრები. გუნდისგან ისეთივე შემართებას და სათამაშო დისციპლინას ველი, როგორც ეს გასულ შეხვედრებში იყო. წლის დადებითი შედეგით დასრულება გვსურს.
შესაძლოა, ცოტა უჩვეულო სიტუაციაში ვართ, რადგან თამაში ნეიტრალურ მოედანზეა, ხოლო სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ. ვეცდებით, გულშემატკივრები გავახაროთ და საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოვემზადოთ “.
გურამ კაშია
– კარგი წელი გვქონდა, რადგან დასახულ მიზანს მივაღწიეთ, გულშემატკივარი კმაყოფილია. მიხარია, რომ ასეთი შედეგები გვაქვს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი პროგრესირებს, რაც მისასალმებელია. საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გველის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრების წინააღმდეგ, რომელშიც ბევრ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. გვსურს, წელი გამარჯვებით დავასრულოთ.”
აღსანიშნავია, რომ გურამ კაშიასთვის მაროკოსთან მატჩი 101-ე იქნება ნაკრების მაისურით და ამ მონაცემით ის რეკორდსმენი გახდება.
გიორგი გოჩოლეიშვილი
– საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველი შეკრებაა, რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა ადაპტაციაში თანაგუნდელები მეხმარებიან და მადლობა მათ. ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად მიდის. ვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ.
შეგახსენებთ, მაროკო-საქართველო შარჯაში ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.