Head coaches Edoardo Reja of Albania and Didier Deschamps of France looks on before the UEFA Euro 2020 Qualifier between Albania and France at Arena...„იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რაც ყველამ განიცადა და მეც ძალიან მეწყინა. საბედნიეროდ, რობერტო მანჩინიმ გუნდის სათავეში დარჩენა გადაწყვიტა. მისი დარჩენა იმას ნიშნავს, რომ პროექტი გაგრძელდება და ეჭვი არ მეპარება, რომ წარმატებაც მოვა”, — თქვა საქართველოს ნაკრების კარგმა ნაცნობმა-მეტოქემ იტალიელმა ედი რეიამ, რომელიც ალბანეთის ნაკრებს უდგას სათავეში, ოფიციალურად კი გუნდის ტექნიკური კომისიონერი ჰქვია და დღეს ტირანას სტადიონზე თავის ალბანელებს „სკუადრა აძურას” დაუპირისპირებს.

ედი რეია 77 წლისაა. ის ამბობს: „იტალიაში საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. მანჩინი მომავლის გუნდს ქმნის და მიზნების მიღწევას იმსახურებს”.

იტალიის ნაკრები აგერ უკვე ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატში ვერ მონაწილეობს. რეიას აზრით ეს შემთხვევითობა არ არის და მას ძველი მიზეზი აქვს: „იტალიაში ახალგაზრდული სექტორი ფაქტობრივად მთლიანად უცხოელებისგან შედგება. ადრე ნაკრები ძირითადად „იუვენტუსის”, „ინტერის” და „მილანის” ფეხბურთელთა ჯგუფებისგან შედგებოდა, ახლა კი მანჩინის საერთაშორისო დონეზე მეტ-ნაკლებად მოთამაშე ყველა გუნდში უწევს თევზაობა. მართალია, სერია A-ში აღარ არის გუნდი, რომელსაც შეიძლება იოლად შეხედო, მაგრამ არსებობს დიდი პრობლემა — ყველა მათგანის შემადგენლობებში ძირითადად უცხოელები თამაშობენ. „სკუადრა აძურა” ორჯერ დარჩა მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა. ეს ძალიან ძნელია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის 12 წელიწადი მსოფლიოს ჩემპიონატის გარეშე ჩაივლის”.

იტალიის ნაკრების კიდევ ერთ დიდ პრობლემას „ნაპოლის” ყოფილი თავკაცი მენტალიტეტში ხედავს. „შეხედეთ ჟოზე მოურინიუს. ის ჩამოვიდა, დაცვაში დგას და კონტრშეტევაზე თამაშობს. არადა, სერია A-ში ჩვენ უკვე ბევრს ვუტევთ. უკვე გავიარეთ ახალი ათვლის წერტილი, შედეგიანი ფეხბურთის ძიებაში ვართ. მენტალურად შევიცვალეთ მწვრთნელებიც. იტალიელებისთვის საუკეთესო განლაგება არის 3-5-2. ის მეტ გარანტიას იძლევა. ამ სისტემაში ფეხბურთელები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ამ განლაგებას 15 წლის წინ „ნაპოლიში” ვიყენებდი. ახლა მას კონტე და მანჩინიც მისდევენ. მინდა შევაქო მანჩინი, რომელმაც სამმცველიანი დაცვით ბალანსი მოძებნა. ზოგ შეხვედრაში უკეთ გამოდის, ზოგში უარესად, მაგრამ ეს ის განლაგებაა, რომელიც მე ყველაზე დიდ კმაყოფილებას მანიჭებს”.