„მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტი დახიოს. მიზეზი: ინტერვიუ, რომელიც პორტუგალიელმა ჟურნალისტ პირს მორგანს მისცა, სადაც კლუბი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. რონალდუს ყოფილი თანაგუნდელი რიო ფერდინანდი კი ამბობს, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშესაც სწორედ ეს უნდა.
ფერდინანდმა თქვა: „არ მგონია უკან დასახევი გზა არსებობდეს. მეეჭვება კლუბმა ის დაიბრუნოს. არც ის მგონია, რომ მას თავად უნდოდეს დაბრუნება. სინამდვილეში კრიშტიანუმ ეს ყველაფერი იმის გამო წამოიწყო — და მე ეს ეჭვი ფაქტებითაც მაქვს გამყარებული — რომ რამენაირად დატოვოს „მანჩესტერ იუნაიტედი”. სხვათა შორის, მე რონალდუს დავიცავ და ვიტყვი, რომ ფეხბურთელთან ურთიერთობაში კლუბს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ახლა როგორ გინდა უზრუნველყო მისი გუნდში დაბრუნება და გაკრიტიკებული მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა? ეს გამორიცხულია.
რონალდუსა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ორმხრივი სიყვარულის ისტორია დასრულებულია. წიგნი დაიხურა. მან კლუბი ისე „ჩაასნუკერა” და ისეთ დღეში ჩააყენა, რომ ყველა გზა მოჭრილია. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ კლუბში ყველას უნდა რონალდუს დატოვება. მისი სიტყვების შემდეგ მაინც აღარაფერი გამოვა. ინტერვიუ ერთ ან ორსაათიანი კი არა, ორწუთიანი რომ ყოფილიყო და მას მარტო ის ერთი ფრაზა ეთქვა — „მე მწვრთნელს პატივს არ ვცემ” — ყველაფერი მაინც დამთავრებული იქნებოდა”.
რონალდუმ „იუნაიტედის” ბოლო ორი თამაში „ავადმყოფობის” გამო გამოტოვა, გუშინ კი გაირკვა რომ ჯანმრთელია და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს.
შეურაცხყოფილი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი კი კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და ერთობლივი ძალებით პორტუგალიელის თავიდან მოშორების იურიდიულად სწორი ფორმების ძებნა დაიწყეს.
თუ „მანჩესტერ იუნაიტედი” რონალდუს გაუშვებს, მისი შეძენის სურვილი ბევრ კლუბს არ ექნება. ინიციატივას სავარაუდოდ მისი მშობლიური „სპორტინგი” გამოიჩენს. შესაძლოა „ჩელსიმაც” მოსინჯოს ძალები. არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელი MLS-ში გადავიდეს.