Head coach of AC Milan Stefano Pioli celebrates the win at the end of the Serie A match between AC Milan and ACF Fiorentina at Stadio Giuseppe Meazza...სერია A-ს ბოლო ტურში „მილანმა” „ფიორენტინას” 2:1 მოუგო. მატჩის შემდეგ, მილანელთა აცრემლებულმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სწრაფად დატოვა „სან სირო” და პარმასკენ გაეშურა. ტრადიციულ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს მის ნაცვლად პაოლო მალდინი ელაპარაკა.

მეორე დღეს კლუბმა გამოაქვეყნა ცნობა, სადაც პიოლის მიერ სტადიონის სასწრაფოდ დატოვების მიზეზი გახადა ცნობილი. როგორც გაირკვა, „როსონერის” თავკაცს მეუღლის, ბარბარას, 63 წლის ძმა ლუკა გარდაეცვალა. მიზეზი: გულის შეტევა. კლუბი თავის განცხადებაში პიოლისა და მის ოჯახს უთანაგრძნობდა.

როგორც გაირკვა, მწვრთნელს სამწუხარო ამბავი მხოლოდ მატჩის დამთავრების შემდეგ შეატყობინეს.

ცოტა ხანში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა მილანის მეორე დიდმა კლუბმა „ინტერმაც”, რომელსაც პიოლი 2016-17 წლებში ედგა სათავეში.

რაც შეეხება პრეს-კონფერენციას, იქ მალდინიმ განაცხადა: „დღეს რომ არ მოგვეგო, საახალწლოდ ცხრილში სხვანაირად ვიქნებოდით წარმოდგენილი. ჰარმონიულად არ გვითამაშია, ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ მოვიგეთ. მთავარია, რომ გამარჯვება გვჭირდებოდა და გავიმარჯვეთ. „მილანისთვის” ფრე სანახევროდ წაგების ტოლფასი იქნებოდა”.

მოგეხსენებათ, 20 ნოემბერს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რის გამოც იტალიის ჩემპიონატი შეწყდა და მხოლოდ ნაახალწლევს განახლდება. დღეისათვის სერია A-ს ცხრილს 41 ქულით ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ლიდერობს, „მილანი” კი მას 33 ქულით მოსდევს.

შემდეგ ტურში მილანელები სტუმრად თამაშობენ მე-12 ადგილზე მყოფ „სალერნიტანასთან”, ხოლო „ნაპოლი” მე-5 ადგილზე მყოფ „ინტერს” სტუმრობს.