კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივარს დაპირდა, რომ ყველაფერს გულწრფელად იტყოდა და ასეც მოიქცა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჟურნალისტ პირს მორგანს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, თუ რა შეემთხვა „მანჩესტერ იუნაიტედში”.

„ვგრძნობ, რომ მიღალატეს და განტევების ვაცად მაქციეს”, — ეს რონალდუს სიტყვებია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი თითს მწვრთნელისკენ ერიკ ტენ ჰაგისკენ იშვერს, მაგრამ დასძენს, რომ მხოლოდ ის არ არის დამნაშავე.

„მარტო მწვრთნელს არ ვგულისხმობ. იქ, კიდევ ორი თუ სამი კაცია, რომელთაც ჩემი გუნდიდან გაშვება უნდათ”.

ტენ ჰაგთან კი ურთიერთობა გაფუჭებულია: „მე მას პატივს არ ვცემ, რადგან ის თავად არ მცემს პატივს. ხოლო თუ შენ პატივს არ მცემ, ჩემგან საპასუხოდ კეთილგანწყობას ნუღარ ელოდები”.

ინტერვიუში კრიშტიანუმ კრიტიკოსებსაც მიმართა. ერთ-ერთი მათგანი არც მეტი არც ნაკლები მისი ყოფილი თანაგუნდელი და წარსულში ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნია: „წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მაკრიტიკებს ასე ძალიან. შესაძლოა იმიტომ, რომ მან კარიერა დაასრულა, მე კი ისევ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ. იმას აღარ ვიტყვი, რომ მასზე უკეთ გამოვიყურები. ეს ისედაც ცხადია”.

შემდეგ კი პორტუგალიელმა დასძინა: „შესაძლოა არაფერი მეთქვა, მაგრამ ხალხს სიმართლე სჭირდება. ვგრძნობ, რომ მიღალატეს და არა მხოლოდ ამ სეზონში, არამედ გასულ სეზონშიც”.

რონალდუს გული სწყდება, რომ კლუბმა თავის ისტორიას არ უერთგულა და ამიტომაც ვერ უწევს კონკურენციას უძლიერესებს: „მას მერე, რაც სერ ალექს ფერგიუსონი წავიდა, მე „მანჩესტერ იუნაიტედის” პროგრესი არ შემინიშნავს. პროგრესი ნულია”.

და კრიშტიანუ ვერაფრით ამართლებს 2021-22 წლებში რალფ რანგნიკის მწვრთნელად დანიშნვას: „როდესაც მწვრთნელი საერთოდ არ ხარ, „მანჩესტერ იუნაიტედს” სათავეში როგორ უდგები? რანგნიკის სახელი გაგონილიც კი არ მქონდა”.

მოგეხსენებათ, ერთი ხნის წინ რონალდუს პირადი ტრაგედია შეემთხვა: მეუღლის მშობიარობის დროს მისი ტყუპიდან ერთი დაიღუპა. პორტუგალიელი ნაწყენია, რომ ასეთ მძიმე დღეებში კლუბმა ელემენტარული თანაგრძნობა არ გამოხატა. ივლისში მისი სამი თვის ქალიშვილი საავადმყოფოში იწვა, რის გამოც ის სეზონისწინა შეკრებაში ვერ მონაწილეობდა. და ასეთ დროს კლუბი აშკარად აგრძნობინებდა, რომ არ სჯეროდა მისი.

გულშემატკივრი კი რონალდუმ აქო: „ფანები ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ჩვენ მათთვის ვთამაშობთ. და ისინი ყოველთვის ჩემს მხარეზე არიან. ისინი ჩემთვის ყველაფერს წარმოადგენენ. ამიტომაც დავთანხმდი ამ ინტერვიუს. დროა, მათ იცდნენ, რას ვფიქრობ სინამდვილეში”.