2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა იტალიასთან ითამაშა და 84:85 დამარცხდა.
ილიას ზუროსის გუნდი ახლოს იყო ნავსი გაეტეხა და ზედიზედ 11 მარცხის შემდეგ იტალია დაემარცხებინა, მაგრამ ბოლო წამებზე ფარში სროლა ვერ მოასწრეს – დრო ამოიწურა.
იტალიის ნაკრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა. თუმცა, უპირატესობა 7 ქულას არ სცდებოდა. სწორედ ამ დროს ახერხებდნენ ქართველებმა ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე დაყვანას. ასე გამეორდა რამდენჯერმე, ვიდრე საქართველო წინ არ გავიდა. ეს მოხდა მესამე მეოთხედის მიწურულს, როდესაც თად მაკფადენის „ენდვანით“ ჩვენი გუნდი დაწინაურდა – 58:57… თუმცა, სტუმრებმა იქვე სამქულიანით გვიპასუხეს და დასკვნით მეოთხედს მაინც ჩამორჩენით შევხვდით.
ბოლო მეოთხედი კარგად დავიწყეთ და 5 ქულით დავწინაურდით – 74:69, მაგრამ აპენინელებმა ზედიზედჩააგდეს და 76:80 ჩამოვრჩით. დარჩენილ დროში ჩვენებმა საქმე ის მიიყვანეს, რომ ბოლო შეტევა ჩვენ დაგვრჩა. რჩებოდა 6 წამი. ტაბლოზე 84:85 ციმციმებდა… მაგრამ შენგელიამ სროლა ვერ მოასწრო და საფინალო სირენაც გაისმა…
ჩვენივე ჯგუფში უკრაინის ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ისლანდიას უმასპინძლა და 79:72 მოიგო. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, გვიან ღამით, ლიდერი ესპანეთი აუტსაიდერ ნიდერლანდებს დაუხვდება.
მანამდე კი ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: ესპანეთი და იტალია (6-6 მოგება) საქართველო და ისლანდია (4-4), უკრაინა (3) და ნიდერლანდები (0). მსოფლიოს პირველობის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გადის. საქართველოს ნიდერლანდებთან სტუმრად და ისლანდიასთან შინ დარჩა სათამაშო… ორივე თუ მოიგეს ჩვენები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ…