ჯოვანი დი ლორენცო

„ნაპოლის” გასახდელში ენთუზიაზმი დუღს და გადმოდუღს. „აძურიმ” „უდინეზეს” 3:2 მოუგო. ეს გახლდათ ლიდერის ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება სერია A-ში, სადაც გუნდი 15 ტურის შემდეგ დაუმარცხებლად მიდის. ამით, ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის სეზონის პირველი ნაწილი დამთავრდა. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტური კი 2023 წლის 4 იანვარს გაიმართება, როდესაც „ნაპოლი” „სან სიროზე” „ინტერს” შეხვდება.

„მაინცდამაინც ახლა უნდა გავჩერდეთ?” — დაწერა ინსტაგრამზე მატეო პოლიტანომ. მან გამოხატა „პარტენოპეის” გულშემატკივართა უმრავლესობის განცდა, რომ დღეს, როდესაც გუნდი საოცარ ფორმაშია და თამაშს თამაშზე იგებს, იანვრამდე გაჩერება გულდასაწყვეტია.

„რა დიდებული საღამო იყო”, — დაპოსტა უდინელებთან შეხვედრის ერთ-ერთმა გმირმა, ჩრდილო მაკედონიელმა ელიფ ელმასმა. ულამაზესი გოლის ავტორისთვის საღამო მართლაც ჩინებული იყო.

„სწორედ ასე გვინდოდა სეზონის პირველი ნაწილის დასრულება. იანვარში კიდევ უფრო მოწყურებულები დაგიბრუნდებით”, — ეს კი კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს სიტყვებია სოციალური ქსელიდან.