აქამდე ჰაერში ეკიდა, მაგრამ ახლა რეალობა გახდა: Tuttomercatoweb-ის ცნობით „ნაპოლის” სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ „აძურისთან” ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
Tuttomercatoweb-ის ცნობა მოკლეა, მაგრამ ამომწურავი: „სტანისლავ ლობოტკას დიდებულმა თამაშმა სეზონის დასაწყისში, განაპირობა ის, რომ „ნაპოლიმ” მას 2027 წლის 30 ივნისამდე განუახლა კონტრაქტი. ფეხბურთელს შრომა მატერიალურადაც დაუფასდა. აქამდე ის წელიწადში 2,5 მილიონ ევროს იღებდა, ახალი ხელშეკრულების თანახმად კი ეს თანხა 3 მილიონამდე გაიზარდა. ხელმოწერის დროს, მას დამატებით, ბონუსის სახით 2 მილიონი ევრო ჩაერიცხა”.
ლობოტკა 27 წლის არის. კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა სლოვაკურ „ტრენჩინში”, „აიაქსის” სარეზერვო გუნდში, დანიურ „ნორდსიაელანდსა” და ესპანურ „სელტაში”. ნახევარმცველი ნეაპოლში 2020 წლიდან არის.






