
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მიერ „ემპოლის” 2:0 ძლევაში მონაწილეობა არ მიუღია. მან გამოტოვა წინა შეხვედრაც, სტუმრად „ატალანტასთან”, რომელიც „აძურიმ” 2:1 მოიგო. ხვიჩა კვლავ ნატკენ ზურგს მკურნალობს. როგორც იტალიური პრესა წერს, ქართველმა გარემარბმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, „ენფილდზე”, „ლივერპულს” მცველ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან შეჯახების დროს მიიღო.
და კიდევ, იტალიური მედია აღნიშნავს, რომ კვარაცხელია „დიეგო მარადონაზე” სამშაბათს „ემპოლისთან” შეხვედრას დაესწრო და თავისიანებს გულშემატკივრობდა. ამ ერთი შეხედვით ბუნებრივი ამბის ასეთი ხაზგასმა თითქოს უცნაურია, თუმცა, შესაძლოა იტალიურ ფეხბურთში სხვა ურთიერთობებია და კვარს სტადიონზე მისვლამ ამიტომაც მიიპყრო ყურადღება.
რაც შეეხება ახალ სახლს. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ამ დღეებში „პარტენოპეის” მარცხენა გარემარბი საცხოვრებლის შეცვლითაც იყო დაკავებული. ადრეც ვწერდით, რომ მას მერე, რაც ღამით, მეორე სართულზე მძინარე ხვიჩას მანქანა მოპარეს, მან გადაწყვიტა გადასახლებულიყო უბნიდან, რომელსაც კუმა ეწოდება და რომელიც „ნაპოლის” საწვრთნელ ცენტრთან არის ახლოს. ქართველი ფეხბურთელი სასტუმროში გადაბარგდა, სულ მალე კი პოსილიპოში დასახლდება. პოსილიპო ნეაპოლის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე გაშენებული კეთილმოწყობილი და დაცული რაიონია.





