„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე 2:0 მოუგო „ემპოლის”. ანგარიში 69-ე წუთზე ირვინგ ლოსანომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი კი 88-ე წუთზე იმავე ლოსანოს პასით, ტექნიკური დარტყმით, მოედანზე 64-ე წუთზე შესულმა პიოტრ ჟელინსკიმ შეაგდო. ამ ორ გოლს შორის, 74-ე წუთზე სტუმრებს მეორე ყვითელი ბარათის გამო ცენტრალური მცველი სებასტიანო ლუპერტო გაუძევეს.
„ძალიან მინდოდა ამ პენალტის დარტყმა. ყველამ გამამხნევა, ამიტომაც სიხარულით დავარტყი. აქ, „ნაპოლიში” ყველანი მთავარი გმირები ვართ. სეზონის დასაწყისი მშვენივრად ჩავატარეთ. იყო რაღაც გამოსასწორებელი, მაგრამ უკვე ყველაფერი რიგზეა”, — თქვა მატჩის შემდეგ მექსიკელმა.
„ემპოლის” მწვრთნელი პაოლო ძანეტი: „პენალტის ეპიზოდზე ლაპარაკი არ მინდა. ვინმეს გვერდიდან შეიძლება მოეჩვენა, რომ დარღვევა იყო, მაგრამ მერწმუნეთ, კონტაქტი საერთოდ არ ყოფილა. რას იზამ, დროს უკან ვეღარ დააბრუნებ.
მინდა ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო კარგი თამაში. მათ მეტოქეს ტოლი მაშინაც კი არ დაუდეს, როდესაც რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. დიდებულ მეტოქესთან რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. სანამ ფეხბურთელს გაგვიგდებდნენ, წარმატებით ვთამაშობდით, მოწინააღმდეგეს ვაიძულებდით უკან დაეხია”.
„ნაპოლის” თავკაცი ლუჩანო სპალეტი: „დღეს ჩვენ ვაჩვენეთ როგორ უნდა სამი ქულის მოპოვება რადაც არ უნდა დაგიჯდეს. აშკარა პენალტი დავარტყით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
რთული თამაში იყო, რადგან „ემპოლი” მებრძოლი გუნდია. როდესაც მარიო რუი და დი ლორენცო უტევდნენ, მათი ნახევარმცველები დაცვას ეხმარებოდნენ. ჩემი აზრით ეს იყო მძიმე, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება. თავიდან ვერა და ვერ გაგვქონდა გოლი, მაგრამ ამის გამო ნერვებს არავინ აჰყოლია. „ნაპოლი” გახდა გუნდი, რომლის წინააღმდეგ კარგად თამაში და შედეგის მიღწევა მნიშვნელოვანია და მეტოქეები ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.
სპალეტის მოდელი? არც კი ვიცი რა გიპასუხოთ. ჩვენი ძალა სიმშვიდეა? ვფიქრობ, ბიჭებმა ბევრი თვალსაზრისით გამოასწორეს თამაში. ნახევარდაცვაც კი უფრო ძალისმიერი გახდა. მათ თავიანთი მიდგომა აქვთ, იციან როგორ მოიქცნენ სხვადასხვა სიტუაციაში. მათ შეუძლიათ მოულოდნელ გარემოებაშიც იტყვირთონ პასუხისმგებლობა”.