ვიდრე ეროვნული გუნდი შემოდგომის ტესტების ეგიდით საერთაშორისო მატჩებისთვის არის შეკრებილი, საფრანგეთის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი, მე-10 ტური შედგა.
ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, ქართველ ლეგიონერთა დიდი ნაწილი ნაკრებში გამოძახებული და შესაბამისად, გასულ ტურში ჩვენებურთა წარმომადგენლობა ერთობ მოკრძალებული აღმოჩნდა. 21 ქართველი ორივე ლიგის 15 მატჩში მართლაც ცოტაა…
გამორჩეული თამაში კი პრო დ2-ის „ბეზიეს“ ქართველ ბურჯ ჟორჟი სალდაძეს გამოუვიდა. „პროვანსთან“ საშინაო შეხვედრაში ქუთაისელმა მორაგბემ თავი 49-ე წუთზე გამოიჩინა – ბეზიელთა მოლს მოწყდა და ლელოში ისე მძლავრად შევარდა, რომ რამდენიმე მეტოქემ მისი შეჩერება ვერაფრით შეძლო. „ბეზიე“ 22:14 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 29:30. სალდაძისთვის ეს იყო პირველი ლელო ჩემპიონატში ჩატარებულ მესამე მატჩში, რომელშიც ის თან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
პრო დ2-ზე საუბრისას იმასაც აღვნიშნავთ, რომ სეზონური დებიუტი 19 წლის ირაკლი აფციაურს ჰქონდა, რომელიც კარკასონში 23:14 მოგებული თამაშის 48-ე წუთზე „გრენობლის“ შემადგენლობაში მარჯვენა ბურჯად დადგა. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ „გრენობლი“ საკმაოდ კარგად გამოიყურება და მხოლოდ ლიდერ „ოიონაქსსა“ და მის მდევარ „აჟენს“ ჩამორჩება, შესაბამისად 7 და 1 ქულით.
ტოპ 14-ის მე-10 ტურში კი 7-მა ქართველმა ითამაშა, შვიდივე პირველხაზელი გახლავთ და ყველა მათგანი ახლო ან არცთუ ახლო წარსულში ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.
„სტად ფრანსეს“ გიორგი მელიქიძემ და ვასილ კაკოვინმა ლიდერ „ტულუზს“ სტუმრად ქულები დააკარგვინეს – 16:16; ვანო კარკაძე „ბრივს“ „ლა როშელთან“ საშინაო მატჩში სანუგეშო ბონუსის მოპოვებაში დაეხმარა – 17:19; ლევან ჩილაჩავას გამოსვლამ მისი „კასტრი“ ლიონში მარცხისგან (20:26) ვერ იხსნა; ლექსო ყაულაშვილის „ბორდოს“ სასტარტოში გამოჩენამ ასევე ვერაფერი უშველა მის გუნდს – „პომ“ ბონუსით მოუგო – 33:7; ბექა გიგაშვილი „ტულონში“ მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა, მაგრამ მისმა გუნდმა „მონპელიესთან შინ უიმედოდ დამარცხდა – 16:26; გიორგი თეთრაშვილმა კი ბურჯისთვის უჩვეულოდ ბევრი, 80-ვე წუთი ითამაშა თავისი „პერპინიანის“ შემადგენლობაში, თუმცა კატალონიელები დედაქალაქში მწარედ დამარცხდნენ – „რასინგ-92“-თან 20:44 დათმეს და მეტოქეს ბონუს-ქულაც ააღებინეს.
ლიდერი „ტულუზია“ 33 ქულით, ხოლო მეორე-მეოთხე ადგილებს „ლა როშელი და ორი პარიზული კლუბი – „რასინგ-92“ და „სტად ფრანსე“ ინაწილებენ. სამივეს 26-26 ქულა აქვს.
ფსკერზე კი 13-ქულიანი „ბრივია“, რომელსაც კინკილა ქულით „პერპინიანი“ უსწრებს.